ტრანსპორტი დღეში 1500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასი ათასამდე მგზავრი სათანადო მომსახურებას ვერ იღებს , - დედაქალაქის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რა ახდენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ ფუნქციონირებაზე გავლენას.
„დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა, ან თუნდაც გზების რეაბილიტაცია, არამედ ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქუჩების დიზაინს. ქუჩის ახალი დიზაინი, რომელსაც ვნერგავთ, ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე. პრიორიტეტი ენიჭება ტროტუარების გაფართოებას, ქვეითთა პანდუსების ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობას, პარალელურად მიმდინარეობს ახლომდებარე არსებული რეკრეაციული და საჯარო სივრცეების მოწესრიგება.
ამჟამად დედაქალაქში 12 პრობლემური კვანძი გვაქვს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში. არსებული კვანძები უნდა მოწესრიგდეს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაახლოებით 1500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს.
ეს ნიშნავს იმას, რომ ასი ათასამდე მგზავრი სათანადო მომსახურებას ვერ იღებს. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს კვანძები, ქუჩების და გამზირების მოუწესრიგებლობა, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. კარგი მაგალითია მელიქიშვილის გამზირისა და ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია. ამ დროს როგორი პრობლემები იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით - ეს ორი ქუჩა ჩაკეტილი იყო, ქალაქში გადაადგილება ჭირდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში იდგა. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ კონკრეტულ გაჩერებაზე აგვიანებს, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და ტრანსპორტი ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ვერ ემსახურება. ამას საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვება, რომ თითქოს ავტობუსების რაოდენობა არაა საკმარისი. არადა მარტივია, ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფ გადაადგილებას ვერ ახერხებს - როდესაც 1500 ბრუნს ვერ აკეთებს ავტობუსი, ასი ათასამდე მგზავრი მომსახურების გარეშე რჩება, ეს დიდი პრობლემაა. ამიტომ გვაქვს წარმოდგენილი პრობლემური კვანძები, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.