თეგი: ტრეფიკინგი
პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს მათივე ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზესტაფონში, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
ზესტაფონში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს პროკურორის თქმით, საქმეში მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული უცხო ქვეყანის მოქალაქეებს პროსტიტუციას ერთი თვის განმავლობაში აიძულებდა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 4 პირი დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული მ.მ.; 1993 წელს დაბადებული ს.ა.; 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ. ტრეფიკინგის ბრალდებით არიან დაკავებულები. დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1983 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ და 1993 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ დახმარებას უწევდნენ, ბრალდებულები: 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ., რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაზარალებულების „სამუშაო“ ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-მ ტრეფიკინგში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. „ასევე, გამოძიებით დადგენილია რომ დაკავებულმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა, რომელსაც სხვადასხვა ქუჩასა და საავტომობილო გზებზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს კი, სრულად ისაკუთრებდა. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც საკუთარ ფერმაში ოთხ ადამიანს იძულებით ამუშავებდა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ ოთხი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, შრომის ინსპექციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არსებული ფერმების მფლობელმა, ტრეფიკინგის მიზნით, ოთხი პირი მოტყუებით, ძალადობით და იძულებით, გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ ფერმებში უსასყიდლოდ ამუშავა. ბრალდებული მათ აიძულებდა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეესრულებინათ მისი დავალება, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სახლში წასვლის უფლებას არ აძლევდა. დაზარალებულებმა გაუსაძლისი პირობების გამო ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს, თუმცა ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობით და მუქარით ისინი უკან დააბრუნა და კვლავ იძულებით სამუშაოში ჩართო. სამმა დაზარალებულმა მოგვიანებით კვლავ შეძლეს ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა, ხოლო ერთ-ერთ პირს ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას 4 აპრილამდე უწევდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მე-2 ,,ბ“ და ,,გ“; მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული ვ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.მ., 1961 წელს დაბადებული ა.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული ბ.ბ., 1990 წელს დაბადებული უ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ა.ბ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული ნ.მ., 2009 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული კ.ბ., 1988 წელს დაბადებული ა.ბ., 1987 წელს დაბადებული შ.ბ. და 1995 წელს დაბადებული მ.ბ. და წარსულში ნასამართლევი პირები 2004 წელს დაბადებული ა.ბ., 2005 წელს დაბადებული მ.მ. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილებს, სხვადასხვა ქალაქში, აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, ხოლო მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ ბრალდებულების მოთხოვნებს, ისინი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იძულებულს ხდიდნენ დამორჩილებოდნენ მათ მითითებებს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა, რომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. ბრალდებულები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველოში ჩამოსული ტურისტების კუთვნილ ფულად თანხებს ეუფლებოდნენ. გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგენილ იქნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს უკანონოდ და საქართველოში იმყოფებოდნენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა, 178-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ
საქართველოს მთავრობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ამის შესახებ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი. „საქართველოს მთავრობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. საანგარიშო პერიოდში, მთავრობა სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირებას აგრძელებდა, ამიტომ საქართველო დარჩა „პირველ დონეზე“ (Tier 1). ეს ძალისხმევა უფრო მეტი ტრეფიკერის დევნას, გასამართლებას და მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირებას მოიცავდა. მთავრობამ ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მესამე თავშესაფარი და მეექვსე კრიზისული ცენტრი გახსნა, რომელიც მომსახურებას უწევს ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლს და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრების დაფინანსების გაზრდა განაგრძო. მთავრობამ საინფორმაციო კამპანიების ორგანიზებისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც მობილური იურიდიული საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნა. მთავრობამ "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც დაქირავების საფასურს კრძალავს და დაქირავების სააგენტოების ლიცენზირებასა და მონიტორინგს მოითხოვს,“ - ნათქვამია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია იმ პრობლემებზე, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მან მცირე რაოდენობით ეჭვმიტანილი ტრეფიკერები გამოიძია და კომერციულ სექს-დაწესებულებებში მსხვერპლთა იდენტიფიკაციისთვის პოლიციას მკაფიო სტრატეგია ჯერ კიდევ არ აქვს. გარდა ამისა, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაატაროს გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულებები რთული საქმეების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ დანაშაულთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ციფრულ მტკიცებულებებთან. სამართალდამცავი ორგანოები მოითხოვდნენ, რომ სასამართლო პროცესის დასრულებამდე მსხვერპლი ქვეყანაში დარჩენილიყო, რაც, სავარაუდოდ, უცხოელ მსხვერპლთან მათ თანამშრომლობას აფერხებდა, რომელთაც რეპატრიაცია სურდათ და მოსამართლეებს სისხლის სამართლის საქმეებზე რესტიტუცია არასდროს დაუწესებიათ. მთავრობას მისი ძალისხმევის შესახებ საჯარო შეფასებები ან ინფორმაცია სათანადოდ არ გამოუქვეყნებია,“ - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშში მოცემულია ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა განხორციელდეს. მათ შორის: ადამიანით ვაჭრობის დანაშაულებისა და ტრეფიკერების აქტიური გამოძიება და დასჯა, მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის ძალისხმევის გაზრდა, დაზვერვისა და მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავი ოპერაციების დასაგეგმად რესურსების გაზრდა, რთული საქმეების გამოსაძიებლად სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში შრომის ინსპექციის შემდგომი ჩართვა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზრდა, ტრეფიკინგის საწინააღმდეგო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალობის გაზრდა და სხვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებოდა და ამ რეგიონების ე.წ. ხელისუფლებას მხარს რუსული ძალები უჭერდნენ. „რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შესაძლებლობა შეზღუდეს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებს იქ მუშაობის მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიდრე სამხრეთ ოსეთში. შედეგად, ტრეფიკინგის არსებობის ან მის წინააღმდეგ ბრძოლის აფხაზი და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების ძალისხმევის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირები ტრეფიკინგის მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან. გარდა ამისა, ზოგიერთმა დამკვირვებელმა მიგრანტების იძულებითი შრომის ანეკდოტური მტკიცებულება და აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეიდან მუშებისთვის, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ მუშაობის იძულება აღნიშნა,“ - წერია ანგარიშში. „პირველ დონეზე“ საქართველოსთან ერთად შემდეგი სახელმწიფოებია: არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, ბელგია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაიანა, ისლანდია, სამხრეთ კორეა, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ფილიპინები, პოლონეთი, სეიშელის კუნძულები, სინგაპური, ესპანეთი, სურინამი, შვედეთი, ტაივანი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.