თეგი: ტულსი გაბარდი
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი გადადგა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი ივნისის ბოლოს დატოვებს თანამდებობას. თავის გადადგომის წერილში, რომელიც Fox News-მა მოიპოვა, გაბარდი აღნიშნავს, რომ ის გადადგომას ითხოვს, ვინაიდან მის მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლების კიბოს უიშვიათესი ფორმა დაუდგინა. გაბარდმა მოგვიანებით X-ზე გამოაქვეყნა გადადგომის შესახებ წერილი. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გაბარდმა შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო“, მის მეუღლეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ გაბარდის პირველი მოადგილე, აარონ ლუკასი შეასრულებს ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობებს. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტულსი გაბარდი თეთრმა სახლმა აიძულა, თანამდებობიდან გადამდგარიყო. Reuters-ის წყაროების ცნობით, ტრამპი, ირანთან ომის გამო მზარდი ზეწოლის ფონზე, კაბინეტის ცვლილებების გაგრძელებას გეგმავს. სააგენტოს ერთ-ერთი წყარო იტყობინება, რომ ტრამპმა ბოლო თვეებში ეროვნული დაზვერვის დირექტორის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორად 2025 წლის თებერვალში დაინიშნა. გაბარდი არ ემხრობოდა აშშ-ის მონაწილეობას უცხო ქვეყანაში სამხედრო და პოლიტიკურ კონფლიქტებში.