აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი გადადგა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი ივნისის ბოლოს დატოვებს თანამდებობას.

თავის გადადგომის წერილში, რომელიც Fox News-მა მოიპოვა, გაბარდი აღნიშნავს, რომ ის გადადგომას ითხოვს, ვინაიდან მის მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლების კიბოს უიშვიათესი ფორმა დაუდგინა.

გაბარდმა მოგვიანებით X-ზე გამოაქვეყნა გადადგომის შესახებ წერილი. 


მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გაბარდმა შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო“, მის მეუღლეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ გაბარდის პირველი მოადგილე, აარონ ლუკასი შეასრულებს ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობებს.


Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტულსი გაბარდი თეთრმა სახლმა აიძულა, თანამდებობიდან გადამდგარიყო.


Reuters-ის წყაროების ცნობით, ტრამპი, ირანთან ომის გამო მზარდი ზეწოლის ფონზე, კაბინეტის ცვლილებების გაგრძელებას გეგმავს. სააგენტოს ერთ-ერთი წყარო იტყობინება, რომ ტრამპმა ბოლო თვეებში ეროვნული დაზვერვის დირექტორის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორად 2025 წლის თებერვალში დაინიშნა.


გაბარდი არ ემხრობოდა აშშ-ის მონაწილეობას უცხო ქვეყანაში სამხედრო და პოლიტიკურ კონფლიქტებში.