თეგი: უნივერსიტეტი
წელს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა - ამერიკის საელჩო
ამერიკის საელჩოს განცხადებით, წელს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს. „განათლების საერთაშორისო კვირეულზე საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაცნობასთან ერთად, გვსურს, გაგიზიაროთ ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდების მზარდი წარმატების შესახებ. წელს 25%-ით გაიზარდა აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა და მათმა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა. 30 წელზე მეტია, სიამაყით ვუყურებთ, როგორ ახმარენ ეს ახალგაზრდები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას,“ - წერს ამერიკის საელჩო.
უნივერსიტეტებში თეორიული ცოდნის მიღება ონლაინ გახდება შესაძლებელი
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თეორიული კურსების გავლა სტუდენტებს დისტანციურად შეეძლებათ. განათლების მინისტრ გიორგი ამილახვრის თქმით, საკითხი 11 მარტის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომელიც თეორიულ სწავლებას მოიცავს, ეს კურსები სრულად ელექტრონულ სივრცეში ჩაატარონ. მათ ამისთვის სპეციალური აკრედიტაციის მიღება დასჭირდებათ - ამ უფლებას განათლების სამინისტრო გასცემს. "შესაძლებელი იქნება სრულად დისტანციური პროგრამების შემუშავება იმ მიმართულებებში, რომელიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას," - აცხადებენ განათლების სამინისტროში. საქართველოში ონლაინ განათლების მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ამ დრომდე საქართველოში დისტანციური სწავლების შესაძლებლობები მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის დროს გამოიყენებოდა. იგივე კანონპროექტი დაარეგულირებს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დისტანციურად სწავლებას. საწყის ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული იქნება ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის განათლების ხარისხის დამდგენი უწყებების მიერ.