თეგი: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა
სალომე ზურაბიშვილი ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლეიადით – ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თანახმად, ნიუ იორკში 1976 წელს დაწესებული ჯილდო, რომელიც ფრანკოფონიის მიმართულებით ერთადერთ საერთაშორისო ჯილდოს წარმოადგენს, დღეს საქართველოს პრეზიდენტს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა გადასცა ფრანკოფონიის იდეალების მსახურებაში გამორჩეული ღვაწლისათვის. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანცის დრუენმა მადლობა გადაუხდა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის. „თქვენ არასდროს შეგიწყვეტიათ ორ კუტლურას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირების გაბმა. თქვენ სამაგალითო როლს ასრულებთ დასავლეთთან პარტნიორობის კუთხით. თქვენი ქმედებებით უდიდესი წვლილი შეიტანეთ საქართველოში მყარი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მტკიცე დემოკრატიის შექმნაში. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ამ განვითარებას, თქვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევეის წინაშე დგას, მაგრამ თქვენ ინარჩუნებთ ქვეყნის ერთობას, დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას იმ აუცილებელ პოლიტიკურ რეფორმებში, რომელშიც თქვენ ჩაერთეთ თქვენი პრეზიდენტად არჩევის დღიდან“, – განაცხადა ფრანცის დრუენმა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა ასამბლეას. „მადლობას ვუხდი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას. ეს ჩემთვის პატივია და ეს სწორედ კულტურათა შორის დიალოგს წარმოადგენს, რისკენაც ჩვენ, ყველანი ვისწრაფვით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პაპუაშვილი: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი, უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია აგრესორი სახელმწიფოების შეკავება
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი, უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „დღეს ჩვენთვის ისტორიული დღეა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა პირველად ტარდება მის არაწევრ სახელმწიფოში. ამიტომ საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, ასამბლეის და მისი სესიის ფარგლებში ორმოცი დელეგაციის 200-მდე წარმომადგენლის მასპინძლობა.“ „საქართველოს პარლამენტი, წლებია, აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ვაფასებთ ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც დღევანდელ გამოწვევებით სავსე დროებაში მეტად მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის შეხსენება ბევრის გაკვირვებას იწვევდა და ზედმეტ აქტიურობად ითვლებოდა. თუმცა, ჯერ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში. თავის მხრივ, საქართველო პატივს სცემს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს და ღირებულებებს, თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაც ჩვენს ქვეყანას აბრუნებს მის ევროპულ საფუძვლებთან. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების თაობამ შეძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენი თაობის ვალი და მთავარი საზრუნავი ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რათა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ მსოფლიო მასშტაბით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელით ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრია
საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ასამბლეის 48-ე სესიის პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა. „საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს ოფიციალურად მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას სტატუსის შეცვლის თაობაზე და დღეს მივიღეთ შედეგი, როდესაც ასამბლეაში, ოფიციალურად, ასოცირებული წევრის სტატუსით ვიქნებით წარმოდგენილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი იზიარებს იმავე ღირებულებებს, რასაც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, ესენია: კულტურული მრავალფეროვნება, მშვიდობის, დემოკრატიის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებები, ფრანგულ ენაზე განათლების და თანამშრომლობის ხელშეწყობა და მდგრადი განვითარება. დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. „დღეს მივიღეთ სრული მხარდაჭერა, რომ ასამბლეის ასოცირებული წევრი გავმხდარიყავით. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის. ფრანკოფონია 91 ქვეყანას აერთიანებს და ამ ქვეყნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ორი განსაკუთრებული მიმართულებით - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ფრანგულენოვანი, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა და ფრანკოფონიის ქვეყნების მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან.