საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრია

საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ასამბლეის 48-ე სესიის პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა.

„საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს ოფიციალურად მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას სტატუსის შეცვლის თაობაზე და დღეს მივიღეთ შედეგი, როდესაც ასამბლეაში, ოფიციალურად, ასოცირებული წევრის სტატუსით ვიქნებით წარმოდგენილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი იზიარებს იმავე ღირებულებებს, რასაც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, ესენია: კულტურული მრავალფეროვნება, მშვიდობის, დემოკრატიის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებები, ფრანგულ ენაზე განათლების და თანამშრომლობის ხელშეწყობა და მდგრადი განვითარება.

დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის.


„დღეს მივიღეთ სრული მხარდაჭერა, რომ ასამბლეის ასოცირებული წევრი გავმხდარიყავით. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის. ფრანკოფონია 91 ქვეყანას აერთიანებს და ამ ქვეყნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ორი განსაკუთრებული მიმართულებით - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ფრანგულენოვანი, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა და ფრანკოფონიის ქვეყნების მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან.