თეგი: ქვეითი ბრიგადა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სპორტული აქტივობებიც გაიმართა, რომელშიც აშშ-ის არმიის მეოთხე უსაფრთხოების ძალების მხარდამჭერი ბრიგადისა (SFAB) და მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება საწვრთნელ ველზე თავდაცვაზე ორიენტირებული საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ქვეითმა ოცეულმა, აშშ-ის მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, მოწინააღმდეგეების მიმართ ჩასაფრება, დაზვერვის ასეულმა კი, საბრძოლო სროლები განახორციელა. საიუბილეო ღონისძიების დასასრულს, მეორე ქვეითმა ბრიგადამ ქუთაისის საზაფხულო სკოლა „მკვლევარის“ მოსწავლეებსაც უმასპინძლა. მეორე ქვეითი ბრიგადა 1992 წელს შეიქმნა. ბრიგადა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია, რომელიც 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩართული იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც.
მე-12 ქვეითმა ბატალიონმა ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულთან ერთად მონაწილეობას იღებდა პირველი ქვეითი ბრიგადის სნაიპერთა ჯგუფი და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფი. ასეულის მხარდაჭერას ახორციელებდა მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების „ბმ-21“-ის ოცეული, ასევე პირველი ქვეითი ბრიგადის 120 და 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნები. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ვაზიანის პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებულ მომზადება წარმოადგენდა.