საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სპორტული აქტივობებიც გაიმართა, რომელშიც აშშ-ის არმიის მეოთხე უსაფრთხოების ძალების მხარდამჭერი ბრიგადისა (SFAB) და მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება საწვრთნელ ველზე თავდაცვაზე ორიენტირებული საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ქვეითმა ოცეულმა, აშშ-ის მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, მოწინააღმდეგეების მიმართ ჩასაფრება, დაზვერვის ასეულმა კი, საბრძოლო სროლები განახორციელა. საიუბილეო ღონისძიების დასასრულს, მეორე ქვეითმა ბრიგადამ ქუთაისის საზაფხულო სკოლა „მკვლევარის“ მოსწავლეებსაც უმასპინძლა.
მეორე ქვეითი ბრიგადა 1992 წელს შეიქმნა. ბრიგადა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია, რომელიც 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩართული იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც.