თეგი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air-მა AIRBUSA320 ტიპის ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისი ცოტა ხნის წინ შეასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ქუთაისიდან საფრანგეთის დედაქალაქში 154 მგზავრი გაფრინდა. "განახლებული რეისის პირველ მგზავრებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ამ ეტაპზე, Wizz Air კვირაში ერთხელ იფრენს. პირველი აგვისტოდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ფრენის სიხშირეები გაიზარდა ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინვესტირებას და სტიმულირებას უწყობს ხელს. ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობა მნიშვნელოვანია. ბაზირებული ხომალდი რეისს იწყებს და ასრულებს იმ აეროპორტში, სადაც მას ბაზა გააჩნია. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია“,- აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. აეროპორტის ცნობით, მუშაობა, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 საათამდე შეწყდება. აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. „უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას," - ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 10 ივლისს ქუთაისის აეროპორტი ძლიერმა წვიმამ დატბორა. ასაფრენი სივრცის დარბაზში ჩამოვარდა ჭერის ფრაგმენტი. აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო გაუქმდა და გადაიდო ფრენები. 10 ივლისს იგეგმებოდა მოსკოვი-ქუთაისის პირველი რეისი. რუსული ავიაკომპანიის Red Wings-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მოსკოვის რეისი იგვიანებდა. სხვა ფრენების გრაფაში კი, მითითებულია, რომ ფრენა გაუქმდა.