ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
აეროპორტის ცნობით, მუშაობა, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 საათამდე შეწყდება.
აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა.
„უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა.
ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას," - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 10 ივლისს ქუთაისის აეროპორტი ძლიერმა წვიმამ დატბორა. ასაფრენი სივრცის დარბაზში ჩამოვარდა ჭერის ფრაგმენტი. აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო გაუქმდა და გადაიდო ფრენები.
10 ივლისს იგეგმებოდა მოსკოვი-ქუთაისის პირველი რეისი. რუსული ავიაკომპანიის Red Wings-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მოსკოვის რეისი იგვიანებდა. სხვა ფრენების გრაფაში კი, მითითებულია, რომ ფრენა გაუქმდა.