თეგი: შარლ მიშელი
მედიის ცნობით, პრაღაში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე, დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, არაფორმალური შეხვედრა პრაღის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და ძირითადად, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა. „შეხვედრაზე პრემიერი ღარიბაშვილი სწორ რამეებს ამბობდა, რაც მისგან ადრე არ გვსმენია“, - აცხადებს ევროკავშირის წყარო, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია. შეხვედრების შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაღაში 6 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მონაწილეობს.
სადავო კანონპროექტის გარშემო პროტესტის ფონზე, პრეზიდენტი შარლ მიშელს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა სატელეფონო საუბარი, რომელიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე,“ - წერია ინფორმაციაში. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.