ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე, დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, არაფორმალური შეხვედრა პრაღის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და ძირითადად, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა.
„შეხვედრაზე პრემიერი ღარიბაშვილი სწორ რამეებს ამბობდა, რაც მისგან ადრე არ გვსმენია“, - აცხადებს ევროკავშირის წყარო, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.
შეხვედრების შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაღაში 6 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მონაწილეობს.