თეგი: შშმ პირები
თბილისის მერია რამდენიმე მეტროსადგურში, შშმ პირთა ადაპტაციის პროექტს განახორციელებს
თბილისის მერია რამდენიმე მეტროსადგურში, შშმ პირთა ადაპტაციის პროექტს განახორციელებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძე: გვაქვს გარკვეული პრობლემები მეტროსადგურების რეაბილიტაციის თვალსაზრისით „ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიისთვის“ (CDIA) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ჩართულობით, ჩავატარეთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ინვესტიციების გაგრძელება თბილისის მეტროს სისტემაში. პირველ რიგში, ჩვენ უსაფრთხოების მიმართულებამოვაწესრიგეთ. დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელები მთლიანად განახლდა, შეიცვალა. ასევე, მოწესრიგდა მეტროს გამნიავებელი სისტემები – ახალი აგრეგატები დაყენდა,თუმცა, რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან მეტროს განახლება ბევრი მიმართულებით სჭირდება. პროექტის ძირითადი მიზანია, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მიმზიდველობის ზრდა, მათ შორის, ეს გულისხმობს მეტროპოლიტენის გარკვეული სადგურების ადაპტაციას შშმ პირთა მოთხოვნილებებზე“, – განაცხადა კალაძემ.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტი ინდექსაციის წესით გაანგარიშდება
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტი ინდექსაციის წესით გაანგარიშდება. შესაბამისი ცვლილებები „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც მთავრობამ მოამზადა. ცვლილებებით შემოღებული იქნება სოციალური პაკეტის ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც 2021 წლიდან პენსიონერებისთვის მოქმედებს. "კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა გარანტირებული იქნება. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით. მთავრობის ცნობით, სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა დაახლოებით 132 000 პირს შეეხება, რომელთა სოციალური პაკეტის ოდენობა 100 ლარიდან 419 ლარამდე მერყეობს. „პრაქტიკაში ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2023 წელს სოციალური პაკეტი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური 35 ლარით გაიზრდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლები დაბალი იქნება, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის გარანტირებული სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა მინიმუმ 25 ლარი, ხოლო ყველა სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის – 20 ლარი იქნება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
პრეზიდენტმა ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა შშმ პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გაძლიერების საკითხზე ისაუბრა და ასისტენტის დანიშვნის უფლების რეალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ,,ანა გოგუაძის მაგალითი სარჩელთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეგიწყვეს, ადვოკატები, რომელთა გარეშეც არ იქნებოდა ის შედეგი, რაც დადგა. ეს არის ერთი ნაბიჯი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ სახელმწიფომ აღიარა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ თქვენგანს დახმარება სჭირდება და უნდა დაუნიშნოს ასისტენტი. მე არ ვიცი დღეს რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ საშუალებით, მაგრამ ამ მაგალითით ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამის უფლება აქვთ და გამოიყენონ ეს უფლება. თქვენ ხართ ძალიან დიდი მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც შეიძლება იბრძოლოთ. მე ყველას მინდა მოვუწოდო - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ყოველთვის არის შედეგი და გამარჯვება. თანაბარი უფლებები ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი და საძირკველია. თუ ეს ყველასთვის არ იქნება, მაშინ არაფერი არ იქნება. ყველასთვის უნდა არსებობდეს ეს თანასწორობა და თანაბარი უფლებები. მინდა მოგილოცოთ ყველას ეს დღე! გისურვოთ წინსვლა და წარმატება!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ,,ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, ვისაც ესაჭიროებოდა პირადი ასისტენტის სერვისი. მიხარია, რომ ეს გამოგვივიდა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ზრუნავდეს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და შენებაზე“,- განაცხადა ანა გოგუაძემ და საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს მას ღირსების მედალი გადასცა, მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისათვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ანა გოგუაძე ღირსების მედლით დაჯილდოვა. „საჭიროა, მეტი ძალისხმევა და მეტი ხელშეწყობა იქნება ეს სახელმწიფოსგან თუ საზოგადოებისგან. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ამას ძალიან დიდი შედეგი აქვს. პირველ რიგში, შედეგი მოაქვს პიროვნებების აქტივობას. წინა წლებში, სხვა სისტემაში ყველაფრის მოლოდინი სახელმწიფოსგან იყო, დღეს კი, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების აქტივობას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა დავაჯილდოვო ანა გოგუაძე, რომელიც არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა დანებდე, გარე ბარიერებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი და აკეთო შენი საქმე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ანა გოგუაძის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.