თეგი: ცენტრალური ბანკი
მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, ოქროს ყიდვა რეკორდული ტემპით დაიწყეს
ცენტრალური ბანკების მიერ „ყვითელი მეტალის“ შეძენის მაჩვენებელი 1967 წლიდან რეკორდული გახდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა 673 ტონა ოქრო შეიძინეს, აქედან 400 ტონა ივლის-სექტემბერში. იმავდროულად, ყველაზე დიდ მოცულობებს რუსეთისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ყიდულობს. მარეგულირებლების მიზანია ოქროს და სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია და დოლართან დაშორება,- ნათქვამია სტატიაში. 2022 წლის პირველი ცხრა თვის შედეგების მიხედვით, რუსეთი ოქროსა და სავალუტო რეზერვების მიხედვით მეოთხეა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის. 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია ფლობდა (დასავლეთის ქვეყნების მიერ გაყინული აქტივების ჩათვლით) 540 მილიარდ დოლარს. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 9-დან 16 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების მოცულობა 5,2 მილიარდი დოლარით ანუ 0,9%-ით გაიზარდა. 16 დეკემბრის მდგომარეობით კი 581,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.