არგენტინა ცენტრალურ ბანკს მთავრობის ხარჯების დასაფინანსებლად ფულის ბეჭდვას უკრძალავს

არგენტინის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა კანონპროექტების პაკეტს, რომელიც პრეზიდენტ ხავიერ მილეის მიერ ინიციირებულ რეფორმებს, მათ შორის - ცენტრალური ბანკისთვის მთავრობის ხარჯების დასაფარად დამატებითი ფულის ბეჭდვის აკრძალვას ითვალისწინებს.


არგენტინის დეპუტატთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ცენტრალურ ბანკს შეზღუდვებს უწესებს და მის "მთავარ და ფუნდამენტურ მისიად" ეროვნული ვალუტის ღირებულების შენარჩუნებას განსაზღვრავს.

წინა ადმინისტრაციების პირობებში, ცენტრალური ბანკი მთავრობის ხარჯების დასაფარად დამატებით ფულს ბეჭდავდა, რამაც ქვეყანაში კოლოსალური ინფლაცია გამოიწვია — 2023 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა 200%-ს გადააჭარბა.


ეკონომისტი ხავიერ მილეი ხელისუფლებაში სწორედ იმ წელს მოვიდა დაპირებით, რომ უკონტროლო ინფლაციას მოათვინიერებდა და სახელმწიფო ხარჯებს მკვეთრად შეამცირებდა.


მისი მმართველობის პირობებში ინფლაცია შემცირდა, თუმცა სიღარიბის დონემ მკვეთრად მოიმატა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ არგენტინა შესაძლოა, რეცესიაში გადავიდეს, რადგან ბოლო თვეებში ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია.


მიუხედავად ამისა, მილეის ადმინისტრაცია ცენტრალური ბანკის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას საგანგებო განცხადებით მიესალმა.

"ეს ნიშნავს ცენტრალურ ბანკში თითქმის ოცწლიანი პოლიტიკური მანიპულაციების დასასრულს," - ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატთა პალატაში კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 141-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, ხოლო 99-მა კანონმდებელმა თავი შეიკავა.