თეგი: ჭიდაობა
გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გიორგი ბერიაშვილმა (-100კგ) პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. ბერიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იპონით იმარჯვა. პორტუგალიის გრან პრი 28-30 იანვარს ტარდება. საქართველოს ნაკრები შემადგენლობაში არიან: -66კგ - თენგო ზირაქაშვილი, საბა კაპანაძე, -73კგ - გიორგი ტერაშვილი, -81კგ - დიმიტრი გოჩილაიძე, გიორგი შერაზადიშვილი, -90კგ - იმედა გოგოლაძე, -100კგ - გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური.
შინდისის გმირების ხსოვნის პატივსაცემად ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა
შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. გორის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 გმირის ხსოვნას მიეძღვნა. „შეჯიბრებაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენს შეეძლო. საპრიზო ადგილების მფლობელები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. პრიზიორებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები. გარდა აღნიშნული სამი წონითი კატეგორიისა, შეჯიბრება გაიმართა აბსოლიტურ წონით კატეგორიაშიც. ამ წონითი კატეგორიის პრიზიორებსაც გადაეცათ ფულადი ჯილდოები. ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ გამყრელიძე ტურნირის ჩემპიონია
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე, ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ყაზახი დაულეტ იერგეში დაამარცხა. ვლადიმერ გამყრელიძემ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვებული გიორგი ელბაქიძე გახდა,რომელმაც ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი 8:4 დაამარცხა. გიორგი ელბაქიძე
IOC-მა რუსეთის სახელით მოასპარეზეს, მოჭიდავე სადულაევს ბაქოს ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის სახელით მოჭიდავე აბდულრაშიდ სადულაევს პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ბაქოში გამართულ ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ამის შესახებ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის (FSBR) ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ეს უკვე მეორე გადაწყვეტილებაა სადულაევთან დაკავშირებით. თებერვალში, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონი შენგენის ვიზით რუმინეთში არ შეუშვეს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება არ მისცეს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში, სადულაევი ლუჟნიკში, ოკუპირებული ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავთან დაკავშირებით მიტინგსა და კონცერტში მონაწილეობდა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა. IOC-მ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების კრიტერიუმებში მიუთითა, რომ მონიტორინგს გაუწევს რუსი სპორტსმენების მონაწილეობას დემონსტრაციებსა და პოლიტიკურ მოვლენებში. რუსული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ უკრაინის NOC-ისა და ჭიდაობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა ღია წერილით მიმართეს IOC-ის პრეზიდენტს თომას ბახს. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ პარიზის თამაშებზე, რუს სპორტსმენებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ომს. სიაში, სავარაუდოდ, ნახსენებია აბდულრაშიდ სადულაევი. სადულაევმა რიო-დე-ჟანეიროსა და ტოკიოს თამაშებზე ოქრო მოიპოვა, 27 წლის მოჭიდავეს მსოფლიოს ჩემპიონატებზეც ხუთი გამარჯვება აქვს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. რუსი და ბელორუსი სპორტსმენები იქ ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ.