თეგი: ხარება
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიური სწავლების თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. ქრისტიანული ლიტერატურის მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. ახალი აღთქმის თანახმად, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების მიხედვით, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.
პატრიარქი: სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში
სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მორწმუნეებს ხარების დღესასწაული მიულოცა. "გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში. როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით "გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ "გიხაროდენ,“ - ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი,” - ამბობს ილია მეორე.