თეგი: ჰიროსიმა

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში გაემგზავრება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა მედიას განუცხადა, რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და, შესაბამისად, პრეზიდენტის ყოფნა აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინის ინტერესების დასაცავად. „დიდი შვიდეულის“ სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დღეს იწყება. შეხვედრის დროს, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ის, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზებს განიხილავენ.  

ზელენსკიმ იაპონელი ხალხისადმი მიმართვისას, უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ქალაქები, ჰიროსიმას შეადარა

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მტერი ბირთვულ იარაღს არ იყენებს, უკრაინის ქალაქების ნანგრევები, რომლებიც მთლიანად დაიწვა რუსული ბომბებითა და არტილერიით, მსგავსია იმისა, რაც შეიძლება, ჰიროსიმის მშვიდობის მემორიალურ მუზეუმში ნახოთ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმი ზელენსკიმ იაპონელი ხალხისადმი მიმართვისას გააკეთა. მისი სიტყვებით, კაცობრიობამ ძალიან გრძელი გზა გაიარა და სისხლიან დაპირისპირებაში მრავალი სიცოცხლე დაკარგა. ზელენსკის თქმით, უკრაინელები რომ არ იყვნენ ასეთი მამაცები, მათ წინააღმდეგ რუსული გენოციდი წარმატებას მიაღწევდა. უკრაინის ლიდერის თქმით, ჰიროსიმა ახლა აღდგენილი ქალაქია. უკრაინა ასევე ოცნებობს, აღადგინოს თავისი ყველა ქალაქი და სოფელი, რომლებიც ახლა ნანგრევებშია. „ჩვენ ვოცნებობთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე. როგორც ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ჩრდილოეთი ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, ასევე უნდა დავიბრუნოთ უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი ტერიტორიები. ჩვენ ვოცნებობთ ჩვენი ხალხის დაბრუნებაზე, რომლებიც ახლა რუსეთის ტყვეობაში არიან. ესენი არიან სამხედრო ტყვეები, მშვიდობიანი მოქალაქეები, დეპორტირებული მოზრდილები და გატაცებული ბავშვები. ჩვენ ვოცნებობთ გამარჯვებაზე! ჩვენ ვოცნებობთ მშვიდობაზე ჩვენი გამარჯვების შემდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.