თეგი: „დიდება უკრაინას“
ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილე ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. კერძოდ, მათ შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სხვები. კონფერენციის მონაწილეები ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ცნობისთვის, ხვალიდან თბილისში 2 -დღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” იწყება. მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას. წელს, კონფერენციის თემაა - „დიდება უკრაინას!” კონფერენციაზე იმსჯელებენ ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ. კონფერენციაში ევროპისა და აშშ-ს უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. სტუმრებს შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოლკერი; ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ბენ ჰოჯესი; ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი; ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები, ასევე ექსპერტები და მკვლევრები.
ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მხარდაჭერისთვის და ყირიმის სამიტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. უკრაინის პრეზიდენტის წერილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუმრობისას წაიკითხა, სადაც კონფერენცია „Slava Ukraini-ს“ მონაწილეები იმყოფებოდნენ. „მსურს, გულწრფელი მადლობა გამოვხატო პერსონალურად თქვენი და თქვენი ქვეყნის მიმართ 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობისთვის. ამ სამიტმა მსოფლიო დემოკრატიის ერთობა და სიმტკიცე წარმოაჩინა უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის რუსული აგრესიისგან დაცვის საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეების აღნიშვნით, ისინი არასდროს შეეგუებიან ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ დროებით ოკუპაციას და არასოდეს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიას. სამიტმა დაადასტურა უკრაინელი ხალხის უფლება, თავი დაიცვან რუსული აგრესიისგან, რომელიც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და გაათავისუფლონ საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული უკრაინის სრული ტერიტორია, ნახევარკუნძულის ჩათვლით. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ფასდაუდებელია, მხარდაჭერა გვაახლოვებს გამარჯვებასთან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებისგან და პასუხი ვაგებინოთ ომზე პასუხისმგებელ პირებს. მოუთმენლად ველი ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მონაწილეობას პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მწამს, რომ გაერთიანებული ძალებით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, - წერია წერილში, რომელიც რაადიო თავისუფლების ცნობით, სტუმრებსა და სალომე ზურაბიშვილს ანდრეი კასიანოვმა გააცნო. თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „დიდება უკრაინას“ 5-6 სექტემბერს გაიმართა.