უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მხარდაჭერისთვის და ყირიმის სამიტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. უკრაინის პრეზიდენტის წერილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუმრობისას წაიკითხა, სადაც კონფერენცია „Slava Ukraini-ს“ მონაწილეები იმყოფებოდნენ.
„მსურს, გულწრფელი მადლობა გამოვხატო პერსონალურად თქვენი და თქვენი ქვეყნის მიმართ 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობისთვის. ამ სამიტმა მსოფლიო დემოკრატიის ერთობა და სიმტკიცე წარმოაჩინა უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის რუსული აგრესიისგან დაცვის საქმეში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეების აღნიშვნით, ისინი არასდროს შეეგუებიან ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ დროებით ოკუპაციას და არასოდეს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიას.
სამიტმა დაადასტურა უკრაინელი ხალხის უფლება, თავი დაიცვან რუსული აგრესიისგან, რომელიც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და გაათავისუფლონ საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული უკრაინის სრული ტერიტორია, ნახევარკუნძულის ჩათვლით.
ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ფასდაუდებელია, მხარდაჭერა გვაახლოვებს გამარჯვებასთან.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებისგან და პასუხი ვაგებინოთ ომზე პასუხისმგებელ პირებს.
მოუთმენლად ველი ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მონაწილეობას პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მწამს, რომ გაერთიანებული ძალებით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, - წერია წერილში, რომელიც რაადიო თავისუფლების ცნობით, სტუმრებსა და სალომე ზურაბიშვილს ანდრეი კასიანოვმა გააცნო.
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „დიდება უკრაინას“ 5-6 სექტემბერს გაიმართა.