თეგი: „ზღვის მცველი“
საქართველო NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ჩაერთო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ”ზღვის მცველი” მონაწილეობის მიღების მიზნით საბერძნეთში გაემგზავრა. შესაბამის ინფორმაციას შსს ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, 12 მოსამსახურის შემადგენლობით, NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში "ზღვის მცველი" მონაწილეობის მიღების მიზნით საბერძნეთში გაემგზავრა. ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ქვედანაყოფი NATO-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით ერთვება. NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო გახდა პირველი ასპირანტი ქვეყანა, რომლის შესაბამისი ქვედანაყოფების NATO-ს სერტიფიცირების ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ოპერაციის „ზღვის მცველი“, ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის NATO-ს ოპერაციაში ჩართვა, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას და NATO-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთავსებადობის ამაღლებას ემსახურება. „ალიანსის ეგიდით წარმოებულ ოპერაციაში მონაწილეობა, NATO-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ასევე, ოპერაციაში მონაწილეობა, ქართული დროშის დემონსტრირებისა და NATO-ს შენაერთებთან ურთიერთობის გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობაა. NATO-ს ოპერაცია „ზღვის მცველი“, ალიანსის ეგიდით მოქმედ, დღეისათვის ერთადერთ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის მთავარი ამოცანებია: ტერორიზმთან ბრძოლა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება,“ - აცხადებენ შსს-ში. სანაპირო დაცვის მოსამსახურეების საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ, ოპერაციაში გადასროლამდე წინამოსამზადებელი სწავლება გაიმართება. წვრთნების დასრულების შემდეგ ქართული კონტინგენტი NATO-ს საზღვაო შენაერთზე განთავსდება და ხმელთაშუა ზღვაში, NATO-ს ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. შეგახსებთ, NATO-მ საქართველოს ალიანსის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი გასული წლის ივლისში მიანიჭა. პარლამენტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას მხარი მიმდინარე წლის მაისში დაუჭირა. საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისკენ. დროთა განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვითარდა, რომელიც მიმართულია საქართველოს მიერ რეფორმების დარგში გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერისკენ და მის მიერ დასახული მიზნის, ინტეგრაცია მოახდინოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ხელშეწყობისკენ. ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს NATO-ს ეგიდით გამართულ ოპერაციაში “ზღვის მცველი” (Sea Guardian) და გარდა ამისა იგი თანამშრომლობს ალიანსის მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ბევრ სხვა სფეროში.