თეგი: „ქოლცენტრების საქმე“

პროკურატურა: სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა

საქართველოს პროკურატურისა და შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის – საქართველოს, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს. „ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას. ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება, უცხო ქვეყნების და საქართველოს მოქალაქეების მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას ეხება. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას. აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლცენტრის ფუნქციონირებისთვის, ასეულობით საფირმო სახელწოდებით შექმნილია ელექტრონული სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე. ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ​საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ათეულობით ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ. ამ შემთხვევაშიც გამოძიება, გერმანულ მხარესთან, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, აქტიური თანამშრომლობით გაგრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის, ევროჯასტის წარმომადგენლებს. საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, ბატონი ელჩის, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგისა და დრეზდენის პროკურატურების, ასევე ბავარიისა და საქსონიის სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლებს მიმართ, და კიდევ ერთხელ გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.  

საქართველოს პროკურატურა ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმეებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურამ 2021 წლის ოქტომბერში, გერმანული მხარის ჩართულობითა და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა. მისივე თანახმად, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, არაერთი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში. „ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს. ამასთან, ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ. პროკურატურის ცნობითვე, საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. „ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის მიზნით, საქართველოს პროკურატურამ 2021 წლის ოქტომბერში, გერმანული მხარის ჩართულობითა და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა“, - აღნშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, სპეციალური ოპერაცია ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. საქართველოს პროკურატურაში,2022 წელს, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ დამატებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათეულობით ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ. გარდა აღნიშნულისა, კიბერსივრცეში ჩადენილი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის გახსნის და დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენის მიზნით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოს პროკურატურამ ევროჯასთის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და უშუალოდ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. უწყების განცხადებით, ამ შემთხვევაშიც, გამოძიებით გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობას, აღნიშნული ქოლ-ცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას. ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ძვირადღირებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს. ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, მათ შორის საქართველოში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორის დაკავება მოხდა, რომლის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის საკითხის განხილვა დასკვნით ფაზაშია. პროკურატურა ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული

„ქოლცენტრების საქმეზე" პროკურატურამ ხუთი პირის მიმართ დევნა დაიწყო

პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გავრცელებული განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. „საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ევროჯასთთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად, დაზარალებულთა მიერ ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. უკანონოდ მოპოვებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე მრავალჯერადი ფიქტიური ტრანზაქციების შედეგად, თანხის ჩართვა ხდებოდა ეკონომიკურ ბრუნვაში სხვადასხვა, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის მიზნობრიობით. აღნიშნული სქემით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი წარმომავლობის ხსენებული ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ორგანიზატორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის რეგიონალური სასამართლოს მიერ კომერციული და ჯგუფური თაღლითობისთვის უკვე გასამართლდნენ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბოლო წლებში, საქართველის პროკურატურაში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არაერთი ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.  

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს. გამოძიების პროცესში, ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლ-ცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. „მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან.“ ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. დღეს დილით ამერიკული კვლევითი ცენტრის „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის სახლებში ჩხრეკა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს. გამოძიება ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც ორგანიზაცია „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab-ის) მკვლევრები არიან. ისინი წლებია იკვლევენ დეზინფორმაციას. ეთო ბუზიაშვილის ადვოკატმა ანა გახოკიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ოფიციალურად ჩაჰბარდათ მხოლოდ განჩინება ჩხრეკაზე, რომელიც ზოგადი ხასიათისაა. სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ადვოკატები შოთა თუთბერიძე და ანა გახოკიძე ასევე ადასტურებენ, რომ ჩხრეკა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა სახლებში ჩატარდა ერთი და იმავე გამოძიების ფარგლებში. სასამართლოს განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია: 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას; 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს; 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  გამომძიებლები ასევე მუშაობდნენ ამერიკული კომპანია Concentrix-ის საქართველოს ოფისშიც. ოფიციალურად ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა მათ ბინებში ჩატარებული ჩხრეკა ზემოთ ხსენებულ გამოძიებას. „მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ვმარჩიელობ, მაგრამ მგონია, რომ შესაძლოა, საინტერესო იყოს,“ განუცხადა დღეს მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.