საქართველოს პროკურატურა ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურამ 2021 წლის ოქტომბერში, გერმანული მხარის ჩართულობითა და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.
მისივე თანახმად, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, არაერთი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში.
„ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს.
ამასთან, ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.
პროკურატურის ცნობითვე, საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
„ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის მიზნით, საქართველოს პროკურატურამ 2021 წლის ოქტომბერში, გერმანული მხარის ჩართულობითა და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა“, - აღნშნულია განცხადებაში.
მისივე თანახმად, სპეციალური ოპერაცია ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
საქართველოს პროკურატურაში,2022 წელს, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ დამატებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათეულობით ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.
გარდა აღნიშნულისა, კიბერსივრცეში ჩადენილი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის გახსნის და დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენის მიზნით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოს პროკურატურამ ევროჯასთის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა.
საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და უშუალოდ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
უწყების განცხადებით, ამ შემთხვევაშიც, გამოძიებით გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობას, აღნიშნული ქოლ-ცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.
ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ძვირადღირებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს.
ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, მათ შორის საქართველოში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორის დაკავება მოხდა, რომლის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის საკითხის განხილვა დასკვნით ფაზაშია.
- პროკურატურა ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
- რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული