თეგი: „ღირსეული პარტნიორი“
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების შესახებ პრეზენტაცია თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა - „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ წარადგინა. მან სწავლების მიზანსა და ამოცანებზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. ბრიფინგზე დასასწრებად არმიჰოლში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და ნატოს ძირითადი ჯგუფის უცხოელი ექსპერტები შეიკრიბნენ. „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის. სწავლების ისტორიაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნული სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.
ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის თავდაცვის ატაშე მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო დიპლომატებთან შეხვედრა გამართა. ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "გერმანიის უკვე ყოფილმა თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. მას ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი ცვლის. ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. გენერალმა ახალდანიშნულ ატაშეს თანამდებობა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში - „ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და სხვა ქვეყნის 19 სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. აშშ-დან მონაწილეობას მიიღებს მე-2 საკავალერიო პოლკი, მე-18 სამხედრო პოლიციის ბრიგადა, მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადა, მე-7 არმიის სასწავლო სარდლობა, 409-ე საკონტრაქტო მხარდაჭერის ბრიგადა, 598-ე სატრანსპორტო ბრიგადა და საქართველოს ეროვნული გვარდიის 122-ე ტაქტიკური მხარდაჭერის რაზმი.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი ნაბიჯია NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით
„ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და NATO-სთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს და აღნიშნა, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ქალბატონო ელჩო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ყველას მოგესალმებით. პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ მორიგი მრავალეროვნული სწავლების -„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის წარმატებულ დასრულებას. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ამ სწავლებას საქართველოში უკვე მეექვსედ ვმასპინძლობთ. ეს არის კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯი ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით. წლიდან წლამდე ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან ერთად, ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ქმნიან ძლიერ კავშირებს. სწავლების სახელი – „ღირსეული პარტნიორი“ კარგად გამოხატავს იმ ძირითად პრინციპს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს მრავალწლიან, ურთიერთგაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ქვედანაყოფები, უნიკალურ საბრძოლო უნარების დაუფლებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა, მადლობა გადავუხადო სწავლებაში ჩართულ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ამ სწავლებაში პირველად მონაწილე იაპონიისა და შვედეთის წარმომადგენლებს, ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სწავლებაში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სწავლების ორგანიზებასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა არის მტკიცე და მზარდი დინამიკის, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის განმტკიცებისკენ. ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს, ყველას და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დასრულება. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მრავალეროვნული სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა. ღონისძიება სწავლების მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით -„ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტორინგის მისიის წარმომადგენლები.
სალომე ზურაბიშვილი: ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია! მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს
წვრთნების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ვფიქრობ, ერთგვარად აერთიანებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების ყველა პოზიტიურ ეპითეტს. დიახ, ეს სამი ათეული წელი ნამდვილად მაგალითია ორმხრივი ღირსეული პარტნიორობისა და ვერავითარი საწინააღმდეგო მოსაზრება ვერ დააკნინებს და შეარყევს ამ ურთიერთობას და მის მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა, პირველ რიგში, გავიხსენოთ, რომ 31 წლის წინ, 9 სექტემბერს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება, რათა თავდაცვის სამინისტროს დაეწყო ეროვნული არმიის ჩამოყალიბება. ეს დიდი დღეა, თუმცა ეს იყო იმ ეროვნული არმიის და ეროვნული გვარდიის მხოლოდ აღდგენა, რომელიც 1918 წლიდან არსებობდა, აღდგენა იმ ჩვენი ღირსეული ჯარისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა ამ ქვეყანას. მინდა ეს დღე მოგილოცოთ ყველას - თქვენ და ჩვენ მოქალაქეებს, რადგან თუ სახელმწიფო არსებობს, არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მას გააჩნია ღირსეული ჯარი. ასევე, მინდა მივუსამძიმრო წვრთნებში მონაწილე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, 70 წლის მანძილზე გაერთიანებული სამეფოს უცვლელი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდლის გარდაცვალების გამო. წელს საქართველოში მეექვსედ ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 20 ქვეყნიდან 2400-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში საიუბილეო წელია. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი შეუსრულდა. წვრთნების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ვფიქრობ, ერთგვარად აერთიანებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების ყველა პოზიტიურ ეპითეტს. დიახ, ეს სამი ათეული წელი ნამდვილად მაგალითია ორმხრივი ღირსეული პარტნიორობისა და ვერავითარი საწინააღმდეგო მოსაზრება ვერ დააკნინებს და შეარყევს ამ ურთიერთობას და მის მომავალს. დღეს ევროპასა და ჩვენს რეგიონში- უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ასეთი მასშტაბის მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. „ღირსეული პარტნიორი 2022“ სწავლებაში მონაწილე ქვეყნები შესაძლებლობას გვაძლევენ გავზარდოთ ჩვენი მზაობა და შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. დღეს დასრულდა 12 დღიანი სწავლება. ჩვენ ყველანი მოწმენი გავხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და უმაღლესი დონის სამხედრო მომზადებისა, რომლითაც გამოირჩევა სწავლების უკლებლივ ყველა მონაწილე. მადლობას მოვახსენებ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობას წლევანდელი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების სამაგალითო ხელმძღვანელობისთვის. მადლობას მოვახსენებ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს სწავლების მხარდაჭერისთვის, რითაც უზრუნველვყავით „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის წარმატებითი განხორციელება. მადლობა მრავალეროვნული სწავლების ტრადიციულ პარტნიორებს და მათ, ვინც წელს პირველად მონაწილეობს ამ მნიშვნელოვან წვრთნებში. იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები მრავალეროვნული სწავლების ისტორიაში წელს პირველად მონაწილეობენ. ასევე, პირველად ჩაერთო სწავლებაში ლიეტუვა, პოლონეთი, უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადის პირადი შემადგენლობა. ეს ყოველივე კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია! ეს, კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ღირსეული პარტნიორის როლი უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში. მწამს, რომ პარტნიორობისა და ერთობის ძალას ვერაფერი შეარყევს. საქართველო მომავალშიც ღირსეულ და საიმედო პარტნიორობას გასწევს ჩვენს რეგიონში, შავ ზღვასა და მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერების სფეროში, რამეთუ მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს. დიდი მადლობა! მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ სწავლების დახურვის ცერემონია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი ნაბიჯია NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით
თავდაცვის მინისტრი რუსეთის განცხადებაზე: ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა
„ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არ გადის მილიტარისტულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მინისტრმა NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი, გეგმური წვრთნები იყო. „ეს იყო ჩვეულებრივი გეგმური წვრთნა, რომელიც საქართველოში მეექვსედ ჩატარდა. ეს წვრთნა 2020 წელს დაიგეგმა და იმაზე აპელირება, რომ ჩვენ სპეციფიკურ მილიტარიზაციის გზას ვირჩევთ, სწორი არ არის. წვრთნების დასრულების შემდეგ ჩვენთან არანაირი ტექნიკა არ დარჩენილა. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით, მუქარის შემცველი განცხადებებით გამოვიდა. „საქართველოში „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეები უნდა აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას და ხვდებოდნენ, რომ NATO-ს თანამშრომლობის განვითარების პრინციპული მომენტები ჩვენი მხრიდან ყველაზე სერიოზული სახით იქნება გათვალისწინებული; თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზული სახით გავითვალისწინებთ", - განაცხადა დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა კრემლის მიერ კონტროლირებად რუსულ მედიასთან. ცნობისათვის, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.