თავდაცვის მინისტრი რუსეთის განცხადებაზე: ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა

„ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არ გადის მილიტარისტულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მინისტრმა NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი, გეგმური წვრთნები იყო.

„ეს იყო ჩვეულებრივი გეგმური წვრთნა, რომელიც საქართველოში მეექვსედ ჩატარდა. ეს წვრთნა 2020 წელს დაიგეგმა და იმაზე აპელირება, რომ ჩვენ სპეციფიკურ მილიტარიზაციის გზას ვირჩევთ, სწორი არ არის. წვრთნების დასრულების შემდეგ ჩვენთან არანაირი ტექნიკა არ დარჩენილა. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით, მუქარის შემცველი განცხადებებით გამოვიდა.

„საქართველოში „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეები უნდა აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას და ხვდებოდნენ, რომ NATO-ს თანამშრომლობის განვითარების პრინციპული მომენტები ჩვენი მხრიდან ყველაზე სერიოზული სახით იქნება გათვალისწინებული; თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზული სახით გავითვალისწინებთ", - განაცხადა დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა კრემლის მიერ კონტროლირებად რუსულ მედიასთან.

ცნობისათვის, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ.

წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.