თეგი: „ხალხის ძალა
„ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანოპონპროექტი შემაშფოთებელია - ბორელი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში, მოძრაობა „ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს „უცხოურ გავლენის აგენტებზე“ და ინიციატივას შემაშფოთებელი უწოდა. ბორელმა საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია. „სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე საკვანძო საკითხია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და წარმოადგენს 12 კრიტერიუმის ნაწილს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, როგორც პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს, ასევე დაიცვან მედიისა და გამოხატვის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს, რომ რესურსებზე წვდომა, მათ შორის, დაფინანსება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი კომპონენტია და ამის ნაწილია საქართველოც. შიდა და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ხელი უნდა შეეწყოს, რადგან ეს აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და არსებითი მუშაობისთვის", - წერია ბორელის წერილობით პასუხში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს. კანონპროექტი პარლამენტში 20 თებერვალს დაარეგისტრირეს. შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: გარკვეული ჯგუფები ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, რაც ანტიდემოკრატიულია მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.
შალვა პაპუაშვილი: ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა, ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს, პაპუაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისთვის „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი მიუღებელია და აპირებს, ვეტო დაადოს. „ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით არ მიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არამხოლოდ მიღებული არაა, არამედ, რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა. საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება უმეტესწილად მის სახელწოდებას უკავშირდება და არა შინაარს. „დისკუსია ახალი არაა, უბრალოდ ასე საჯარო არ იყო, პირიქით, კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა, არასამთავრობო სექტორში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი სისტემა საკმარისი არაა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ეს დისკუსია კარგია. ის, რაც შეშფოთებას იწვევს ხოლმე, (მაქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან) უკავშირდება სახელწოდებას. შენიშვნები არის არა შინაარსთან, არამედ ფორმასთან დაკავშირებით. თქვან მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, თუ ამ ფორმას მოვაცილებთ, მისაღებია თუ არა გამჭვირვალობა. ეჭვი მაქვს, რომ პრობლემა არის არა ფორმაში, არამედ შინაარსში, რომ გამჭვირვალობა არ იყოს დადგენილი. ფორმას რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. თუ ტერმინი არ მოსწონთ, ალტერნატიული ტერმინები შემოგვთავაზონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს.