პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა, ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს,
პაპუაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისთვის „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი მიუღებელია და აპირებს, ვეტო დაადოს.
„ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით არ მიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არამხოლოდ მიღებული არაა, არამედ, რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა. საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება უმეტესწილად მის სახელწოდებას უკავშირდება და არა შინაარს.
„დისკუსია ახალი არაა, უბრალოდ ასე საჯარო არ იყო, პირიქით, კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა, არასამთავრობო სექტორში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი სისტემა საკმარისი არაა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ეს დისკუსია კარგია. ის, რაც შეშფოთებას იწვევს ხოლმე, (მაქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან) უკავშირდება სახელწოდებას. შენიშვნები არის არა შინაარსთან, არამედ ფორმასთან დაკავშირებით.
თქვან მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, თუ ამ ფორმას მოვაცილებთ, მისაღებია თუ არა გამჭვირვალობა. ეჭვი მაქვს, რომ პრობლემა არის არა ფორმაში, არამედ შინაარსში, რომ გამჭვირვალობა არ იყოს დადგენილი. ფორმას რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. თუ ტერმინი არ მოსწონთ, ალტერნატიული ტერმინები შემოგვთავაზონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს.