თეგი: FlyOne Armenia

თურქეთმა სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცე გაფრთხილების გარეშე დახურა - მედია

თურქეთმა შაბათს დახურა თავისი საჰაერო სივრცე დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FlyOne Armenia-ისთვის და ეს ნაბიჯი კომპანიის გაფრთხილების გარეშე გადადგა, იტყობინება Reuters-ი ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ზე დაყრდნობით. „ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო და ყოველგვარი თვალსაჩინო საფუძვლების გარეშე, თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ გააუქმა FlyOne Armenia-სთვის ადრე მიცემული ნებართვა ევროპაში ფრენების განხორციელების მიზნით“, - განაცხადა ავიაკომპანიის საბჭოს თავმჯდომარემ. არამ ანანიანმა აღნიშნა, რომ მომხდარის გამო მგზავრებს პრობლემები შეექმნათ. „თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ წინასწარი შეტყობინების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რამაც ჩვენი ავიაკომპანია და ჩვენი მგზავრები არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენა“, - განაცხადა ანანიანმა. FlyOne Armenia, მოლდოვის ავიაკომპანია FlyOne-ის შვილობილი კომპანიაა. ოპერირება 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. თურქულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.