თურქეთმა შაბათს დახურა თავისი საჰაერო სივრცე დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FlyOne Armenia-ისთვის და ეს ნაბიჯი კომპანიის გაფრთხილების გარეშე გადადგა, იტყობინება Reuters-ი ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ზე დაყრდნობით.
„ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო და ყოველგვარი თვალსაჩინო საფუძვლების გარეშე, თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ გააუქმა FlyOne Armenia-სთვის ადრე მიცემული ნებართვა ევროპაში ფრენების განხორციელების მიზნით“, - განაცხადა ავიაკომპანიის საბჭოს თავმჯდომარემ.
არამ ანანიანმა აღნიშნა, რომ მომხდარის გამო მგზავრებს პრობლემები შეექმნათ.
„თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ წინასწარი შეტყობინების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რამაც ჩვენი ავიაკომპანია და ჩვენი მგზავრები არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენა“, - განაცხადა ანანიანმა.
FlyOne Armenia, მოლდოვის ავიაკომპანია FlyOne-ის შვილობილი კომპანიაა. ოპერირება 2021 წლის დეკემბერში დაიწყო.
თურქულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.