თეგი: Huawei

რუსეთში Huawei-ის მაღაზიები იხურება

რუსეთში ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Huawei-ის მაღაზიები იხურება. რუსული მედიის ცნობით 19 ოფიციალური მაღაზიიდან მოსკოვში, ნოვოკუზნეცკში, უფასა და დონის როსტოვში მდებარე ოთხი პუნქტი უკვე დაიხურა. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დახურვის მთავარი მიზეზი საწყობებში პროდუქციის ნაკლებობა და სმარტფონებზე მოთხოვნის შემცირებაა. უახლოეს თვეებში, RIA Novosti-ს წყაროების თანახმად, Huawei-ის კიდევ რამდენიმე მაღაზია დაიხურება. The Wall Street Journal მაისის დასაწყისში წერდა, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები, სანქციების და მომწოდებლების ზეწოლის ქვეშ, ამცირებენ თავიანთ ყოფნას რუსეთის ბაზარზე, თუმცა საჯარო განცხადებებს ერიდებიან. ჩინეთის ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში ომის დაწყების შემდეგ და სანქციების ფონზე საგრძნობლად შემცირდა, აღნიშნა WSJ-მ. გამოცემის თანახმად, მარტში, თებერვალთან შედარებით, ჩინელი მწარმოებლებისგან ლეპტოპების მიწოდება 40%-ზე მეტით შემცირდა, სმარტფონების კი თითქმის ორი მესამედით. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.

Huawei-მ რუსეთში 2 ათასკაციანი განყოფილება დახურა - მედია

ჩინური ელექტრონიკის მწარმოებელი Huawei, რუსეთში მონაცემთა შენახვის სისტემებისა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის კორპორატიული გაყიდვების განყოფილებას ხურავს, სადაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მუშაობდა, რომელთაც დსთ-ს ქვეყნებში გადასვლა შესთავაზეს. ამის შესახებ კომერსანტი ბაზარზე არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამავდროულად, მიმწოდებელი ინარჩუნებს ცენტრებს რუსეთში პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარებისთვის. გაზეთის წყაროს ცნობით, პირველი იანვრიდან Huawei დახურავს Enterprise Business Group-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო კორპორატიული მომხმარებლებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (IKT, მონაცემთა შენახვის სისტემები, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა და ა.შ.) გადაწყვეტილებების მიწოდებაზე. „კომპანია მზადაა დაბრუნდეს, თუ უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები შეწყდება“, - აცხადებენ კომპანიაში.  ზოგადად, რუსეთის ფედერაციაში IKT გადაწყვეტილებების გაყიდვით დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იყო დაკავებული, აცხადებს „კომერსანტის“ წყარო.