თეგი: NGO

ელჩი დეგნანი NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს

ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადება კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს აგონებს. ამის შეახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვა ეხებოდა „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომ „NGO-ებს დაფინანსება უნდა შეუმცირდეთ“.  „რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს NGO-ებთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში. ჩემი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყო. „ისინი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ და ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ასეთი კრიტიკა ისმის, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, თუ ეს ხმა, ხალხის ხმა აღარ იარსებებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა. შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადებებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მხრიდან, სენატორ შაჰინის მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, განაცხადა, რომ „აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ამიტომ, მათ იდარდონ“.

თალიბანმა ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აუკრძალა

გაეროს შეფასებით, თალიბანის ბრძანება, რომელიც ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს, ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  ისლამისტმა მმართველებმა ეს ნაბიჯი იმით გაამართლეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ქალმა თანამშრომლებმა ჩაცმის წესები დაარღვიეს ჰიჯაბის არტარებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა ხსენებული ნაბიჯი და განაცხადა, რომ ეს იქნება „დამანგრეველი ავღანელი ხალხისთვის“. ენტონი ბლინკენი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და ამბობს, რომ ქალები მთავარ როლს ასრულებენ ჰუმანიტარულ ოპერაციებში მთელ მსოფლიოში. „ეს გადაწყვეტილება შეიძლება, დამღუპველი იყოს ავღანელი ხალხისთვის", - განაცხადა ბლინკენმა. ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომელმა BBC News-ს განუცხადა, რომ მათი წარმომადგენლობა „თალიბანის“ ხელისუფლებასთან შეხვედრას გეგმავდა და რომ თუ ქალებს არ მიეცათ მუშაობის უფლება, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურება.

„ხალხის ძალის“ კანონპროექტით, „უცხოური აგენტების“ რეესტრი შეიქმნება და რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა NGO-სთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან

„ხალხის ძალის“ კანონის პროექტით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონის პროექტს, რომელიც საქართველოში, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. როგორც „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება და ასევე მასში აღნიშნულ სფეროში რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აისახება. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განმარტებით, შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი “ენჯეოსთვის“ და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. მათივე ინფორმაციით, შემოღებული იქნება “უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. “ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით“, - განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა  

NGO-ები ხელისუფლებას: შეწყდეს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია

12 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია. განცხადების ავტორების თქმით, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელება განსაზღვრა, კერძოდ, მიუთითა, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო სისტემა, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ისეთ წამყვან თანამდებობებზე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება, როგორებიც არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოების თავმჯდომარეები: „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ პირობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაიკავეს და არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავენ. აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა უზენაესმა სასამართლომაც, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სისტემაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ – ეკატერინე გასიტაშვილმა და ნინო ბაქაქურმა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმის ამოქმედების თაობაზე უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადებას მხარი არ დაუჭირეს და საჯაროდ განაცხადეს ამის შესახებ. მსგავსი მოსაზრება დააფიქსირეს პირველი და მეორე ინსტანციის სხვა მოსამართლეებმაც. მოსამართლეები აცხადებენ, რომ არ სურთ, გახდნენ საქართველოს ევროპული მომავლის შემაფერხებელი ფაქტორი, შესაბამისად, მზად არიან გაიარონ კეთილსინდისიერების გადამოწმების ტესტი,“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეთა განცხადებების შემდეგ, ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო. კერძოდ, ხელმომწერები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს ხოლმე მიმდინარე მოვლენებზე. გარდა ამისა, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები ასევე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიეს პარლამენტის წევრებმა, ბექა ოდიშარიამ და დავით მათიკაშვილმა. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ პოლიტიკური ხელისუფლებისთვის მიუღებელია სასამართლოში კრიტიკული, პრინციპული მოსაზრებები. პოლიტიკური ხელისუფლების ქმედებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით პრობლემურია აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის თავდასხმა სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეზე საქმეთა გაჭიანურების საფუძვლით: „კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქმეთა ჭარბი რაოდენობა და გაჭიანურება მთელი სასამართლო სისტემის პრობლემაა. მისი მოგვარება უპირველესად სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა, ნაცვლად პრობლემის გადაჭრისა, საქმეთა ჭარბი ნაკადი და ამით გამოწვეული განხილვის გაჭიანურება მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენება,“  - ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია, სრულყოფილად შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. დოკუმენტს ხელს აწერენ: საქართველოს სასამართლოს გუშაგი; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; დემოკრატიის მცველები; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; უფლებები საქართველო; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI). უზენაესი სასამართლოს პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ არ იზიარებენ ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი.