თეგი: PHR

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალის უკანონო განთავსების გამო ორგანიზაციამ სასამართლოში მორიგი საქმე მოიგო. კლინიკას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარი დაეკისრა. ფსიქიატრიულში ქალის უკანონო განთავსების გამო კლინიკას 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა - PHR თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება ი.მ-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ და  შპს “N5 კლინიკური საავადმყოფოს” დაევალა ი.მ-ს დაუყონებლივ გაწერა. დღეს კი, ორგანიზაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფსიქიატრიულ დაწესებულებას უკანონოდ არანებაყოფლობითი ფსიქიატიული მკურნალობის გამო. „ი.მ.-ს გადმოცემით, 2019 წლის 31 აგვისტო მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. დილით საყიდლებზე წავიდა, მას შემდეგ რაც ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელი სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე, პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო. სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. საბოლოოდ, კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა, რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს. ორგანიზაციში აცხადებენ, რომ ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხირდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება – იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. „ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში. აღნიშნული ფაქტების გაუთვალისწინებლობა და  ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი – მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროება დაადგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანანა ნიკაჭაძემ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის, „მართვეს" და მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან, ცხრა ქალი ფეხბურთელის მიმართ. „ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით," - იუწყება PHR. ქალი ფეხბურთელების ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმოადგენდა.  

სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა ბავშვის მიმართ, რომელიც ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოში აჩვენეს - PHR

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბავშვის მიმართ, რომელიც ჰომოფობიურ ვიდეოში აჩვენეს, დამცავი ორდერი გამოსცა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) წარმომადგენელი იუწყება. (PHR) სასამართლოში ბავშვის ინტერესებს იცავდა. ორგანიზაციის იურისტი ანა თავხელიძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამბობს: „სასამართლომ თქვა, რომ ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ბავშვის უფლებადამრღვევი და ბავშვზე მოძალადე, რითაც ასევე სასამართლომ დაადასტურა, რომ არსებობდა ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების მაღალი რისკი, რის შესახებაც გაცილებით ადრე ჰქონდა ინფორმაცია შსს-ს.“ ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ გამოსცა 9-თვიანი ორდერი, რომლის ძალითაც ხსენებული ვიდეოს გამავრცელებელს აეკრძალა ბავშვის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა ორგანიზაცია „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ წევრ, ხატია ჯანაშიას მიმართ, რომელმაც Facebook-ზე გაავრცელა ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოკოლაჟი არასრულწლოვნის მონაწილეობით.   

NAEC-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შსს-ს მიმართეს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ანა არგანაშვილი, აცხადებს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელსაც სასამართლო განჩინების მიუხედავად, დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე უარი განუცხადეს. მისივე განმარტებით, იძულებითი აღსრულების მოთხოვნით, „აღსრულების ეროვნულ ბიუროს" უახლოეს საათებში მიმართავენ. „შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს „რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს.” თუ ამას დავუშვებთ, მაშინ, პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები. ათასნაირი გამოსავალი შეეძლო, მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას. მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა,“წერს არგანაშვილი. NAEC-ი განმარტავს, რატომ განუცხადეს უარი აბიტურიენტს დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე  

ბაღში ბავშვის ცემის არასათანადოდ გამოძიებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის სახით, 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა - PHR

არასამათავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აცხადებს, რომ ბაღში ბავშვის ცემის არასათანადოდ გამოძიებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა დღეს, 26 იანვარს გამოცხადდა. ინფორმაციას ორგანიზაცია Facebook-ზე ავრცელებს. „გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა.   აღნიშნულ საქმეზე, PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.   ვრცლად საქმის შესახებ, ამ ბმულზე წაიკითხეთ.