თეგი: TVპირველი

ხაბაზზე თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით იძიებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტებზე უწყებამ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში IPN-თან განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტებს შორისაა ოპოზიციონერ პოლიტიკოს კობა ხაბაზზე თავდასხმაც. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ, რომლებიც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია მათ შორის, კობა ხაბაზიც. კოალიციას "ცვლილებისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, თავდამსხმელებს ჰქონდათ სხვადასხვა საგანი და ასევე ელექტროშოკებიც. რაც შეეხება „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, შსს-ს ცნობით, ფაქტები შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს და ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას გულისხმობს. უწყების განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.  

„TVპირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ბესიკის ქუჩაზე, "TVპირველის" გადამღებ ჯგუფს უცნობი პირები, რომელთაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. ოპერატორ გიორგი შეწირულს თავზე აქვს დაზიანებები. დაზიანებები აქვს სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს. ის ამბობს, რომ გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ ავიდა მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ „ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას ადამიანებს.“ „რომ მოვედით იყო ხელჩართული ბრძოლა, მაშინვე დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ 30-ზე მეტნი, ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება. მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს. გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი.“ ცოტა ხნის წინ მივიდნენ მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. განახლება: "TVპირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ. ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზებულები. კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ. „ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. დაზიანებები ძირითადად აქვთ თავის, სახის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები,“ - ამბობს კლინიკის ექიმი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.  

საპატრიარქო: ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, გადამწყვეტი ზომები სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, „ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. საპატრიარქო მოუწოდებთ მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად. მივმართავთ საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და კეთილგონიერება. გავუფრთხილდეთ თანამოქალაქეებს და ამ რთულ დღეებში განსაკუთრებულად გავაძლიეროთ ლოცვა მშვიდობისა და ერთობისათვის! ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" (ფს. 28, 11),“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.  

გერმანიის ელჩი: ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა, ზიანის მიყენება, მიუღებელია - საით მიდიხარ, საქართველო?

გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა კლინიკაში "ტვპირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიუღებელია "ბანდიტთა დაჯგუფებების" თავდასხმები. „რვა ელჩი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია. ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება მიუღებელია. გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. საით მიდიხარ, საქართველო?“ - წერს პეტერ ფიშერი.