ბესიკის ქუჩაზე, "TVპირველის" გადამღებ ჯგუფს უცნობი პირები, რომელთაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. ოპერატორ გიორგი შეწირულს თავზე აქვს დაზიანებები.
დაზიანებები აქვს სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს.
ის ამბობს, რომ გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ ავიდა მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ „ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას ადამიანებს.“
„რომ მოვედით იყო ხელჩართული ბრძოლა, მაშინვე დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ 30-ზე მეტნი, ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება. მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს. გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი.“
ცოტა ხნის წინ მივიდნენ მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები.
განახლება: "TVპირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ.
ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზებულები.
კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ.
„ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. დაზიანებები ძირითადად აქვთ თავის, სახის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები,“ - ამბობს კლინიკის ექიმი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.