თეგი: Yandex-
მედია: Yandex-ის დამფუძნებელმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო
Yandex-ის დამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა საჯაროდ პირველად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მან განაცხადა, რომ მას ეს ბარბაროსულად მიაჩნია და მის წილ პასუხისმგებლობასაც ხედავს. 59 წლის ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის ივნისში მოხვდა. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ის მოხსენიებულია ბიზნესმენად, რომელიც ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის მთავრობას და პასუხისმგებელია ქმედებებზე ან პოლიტიკაზე, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. გამოცემა „მედუზასადმი“ მიწერილ წერილში ვოლოჟმა აღნიშნა, რომ Yandex-ის შემქმნელებს სჯერათ, რომ ისინი ააშენებენ ახალ რუსეთს: „ღიას, პროგრესულს, ინტეგრირებულს გლობალურ ეკონომიკაში.“ ვოლოჟი ახლა ისრაელში ცხოვრობს. ფინეთმა და ნორვეგიამ Yandex-ს მონაცემების რუსეთში გადაცემა აუკრძალეს - Reuters ინფორმაციისთვის, ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი 2022 წლის ივნისში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ვოლოჟმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო დატოვა. Yandex-ის განცხადებით, მაშინ ვოლოჟმა თავისი ხმის უფლება საბჭოს გადასცა და განაცხადა, რომ მისი რწმენით, ახალი მოვლენები კომპანიის ოპერაციებზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე ან პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.
FT: Yandex-ის დამფუძნებელი მის მიერ ომის დაგმობის შემდეგ სანქციების მოხსნას ითხოვს
მილიარდერმა და რუსული პოპულარული საძიებო სისტემის Yandex-ის თანადამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა ოფიციალური თხოვნით მიმართა ევროკავშირს, რომლითაც მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. მანამდე მან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი დაგმო. მედია წერს, რომ ევროკავშირი ვოლოჟის მოთხოვნას მომავალ თვეში განიხილავს. „ასობით სხვა სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ყურადღებით აკვირდება, რას მოიმოქმედებს ბრიუსელი,“ განუცხადა ვოლოჟთან დაახლოებულმა პირმა Financial Times-ს. ევროკავშირმა ვოლოჟს სანქცია 2022 წლის ივნისში დაუწესა იმ მოტივით, რომ Yandex-ი ხელს უწყობს პრო-სამთავრობო ნარატივებს და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილეა. ვოლოჟი სანქციების დაწესების შემდეგ Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. წყარომ FT-ს განუცხადა, რომ ვოლოჟი ელოდა ომის საჯაროდ დაგმობას, ვიდრე ადამიანები, რომლის წინაშეც ის პასუხისმგებლობას გრძნობდა, რუსეთის ტერიტორიიდან გასვლას შეძლებდნენ. გასულ თვეში დიდმა ბრიტანეთმა რუსი მაგნატის ოლეგ ტინკოვის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა მას შემდეგ, რაც მან ომს სიგიჟე უწოდა და რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას ყოველ ექვს თვეში ერთხელ აახლებს. ვოლოჟი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ განაახლებს. ეს ვადა 15 სექტემბერს იწურება.