მედია: Yandex-ის დამფუძნებელმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო

Yandex-ის დამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა საჯაროდ პირველად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

მან განაცხადა, რომ მას ეს ბარბაროსულად მიაჩნია და მის წილ პასუხისმგებლობასაც ხედავს.

59 წლის ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის ივნისში მოხვდა.


ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ის მოხსენიებულია ბიზნესმენად, რომელიც ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის მთავრობას და პასუხისმგებელია ქმედებებზე ან პოლიტიკაზე, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.


გამოცემა „მედუზასადმი“ მიწერილ წერილში ვოლოჟმა აღნიშნა, რომ Yandex-ის შემქმნელებს სჯერათ, რომ ისინი ააშენებენ ახალ რუსეთს: „ღიას, პროგრესულს, ინტეგრირებულს გლობალურ ეკონომიკაში.“

ვოლოჟი ახლა ისრაელში ცხოვრობს. 


ინფორმაციისთვის, ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი 2022 წლის ივნისში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.


ვოლოჟმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო დატოვა. Yandex-ის განცხადებით, მაშინ ვოლოჟმა თავისი ხმის უფლება საბჭოს გადასცა და განაცხადა, რომ მისი რწმენით, ახალი მოვლენები კომპანიის ოპერაციებზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე ან პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.