თეგი: ავიამიმოსვლა

კელი დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკება განახლდა

ამერიკის ელჩის განცხადებით, კოვიდპანდემიის დროს შეჩერდა მოლაპარაკებები აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე, თუმცა ახლა ეს პროცესი განახლებულია. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ვინც მგზავრობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში და პირიქით, ყველა ფიქრობს, რომ არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ფრენა. მე ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით დისკუსია და მოლაპარაკებები დაიწყო კოვიდპანდემიამდე. შემდეგ უკვე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შეჩერდა გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად, მგზავრობის საკითხი გახდა პრობლემური. ახლა უკვე განახლდა ეს მოლაპარაკებები, თუმცა არ ვიცი, ზუსტად რა ეტაპზეა. კელი დეგნანი: მოლაპარაკებები უნდა განვაახლოთ, აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა არაჩვეულებრივი იქნებოდა რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად, დამაკავშირებელი ხიდი იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის. დიდი მანძილის გამო, ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, ჩამოვიდნენ საქართველოში, თუმცა ერთხელ თუ ჩამოვა, მეორედაც აუცილებლად მოდის საქართველოში, სტუმართმოყვარეობის გამო“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.  

მოსკოვში, საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობას განიხილავენ

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობას განიხილავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა, ამ საკითხზე, კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო TASS– სთან ინტერვიუში ისაუბრა. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენებისა და სავიზო ლიბერალიზაციის განახლების პერსპექტივებს, თუ აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ გადაწყვეტილების მიღებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. გონჩარის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წელს „უმეტესწილად“, ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა, ტურიზმის, გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის შთამბეჭდავი შემოსავლების წყალობით". ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

უზბეკეთი თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

უზბეკეთის ავიახაზები ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტი მარშრუტზე ფრენების სიხშირეს გაზრდის. ამის შესახებ Trend-ი იუწყება. ამჟამად საერთაშორისო ფრენები ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მარშრუტზე სამშაბათობით სრულდება. 2023 წლის 13 იანვრიდან უზბეკეთის ავიახაზები პარასკევს ამ მიმართულებით დამატებით ფრენებს განახორციელებს.  

ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები

„რამდენადაც საქართველოს ისტორიიდან გავიგე, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც მიცემულ პირობებს რუსეთი საუკუნეებია, არღვევს, რუსეთი ცდილობს, საქართველოს წაართვას იდენტობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი“, -  ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, აქვთ თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნების პრობლემა, თუკი მათ ეს სურთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. ელჩმა ასევე უპასუხა ჟურალისტების შეკითხვას, არსებობს თუ არა საშიშროება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს შავ ხვრელად რუსული სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად. „ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სასაზღვრო პოლიციასთან, საბაჟო სამსახურთან, რათა ხელი შევუწყოთ იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა საერთაშორისო სანქციები დაიცვას. შესაძლებლობა საქართველოსთვის, იყოს შუა დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთებისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები. ჩვენ ველით საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ შუა დერეფანში საქართველოს წვლილის მშენებლობაში, მას ასევე ჰქონდეს საერთაშორისო სანქციები დაცვის საშუალებაც“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ცნობისათვის, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.    

მოლდოვა ავიარეისებს ხუთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აუქმებს

მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია Air Moldova ხუთი ქვეყნის დედაქალაქების - პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბოლისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით ავიარეისებს აუქმებს და გადაწყვეტილების მიზეზად ტექნიკურ სირთულეებს ასახელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Air Moldova ამჟამად შედეგების აღმოფხვრასა და ფრენების განრიგის რეორგანიზაციაზე მუშაობს. „გაუქმებულია ფრენები პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბულისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით. ავიარეისების გაუქმების მიზეზი ოპერაციული სირთულეებია. ავიაკომპანიის ფლოტის ორი თვითმფრინავი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ფრენისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.