„რამდენადაც საქართველოს ისტორიიდან გავიგე, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც მიცემულ პირობებს რუსეთი საუკუნეებია, არღვევს, რუსეთი ცდილობს, საქართველოს წაართვას იდენტობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, აქვთ თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნების პრობლემა, თუკი მათ ეს სურთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ელჩმა ასევე უპასუხა ჟურალისტების შეკითხვას, არსებობს თუ არა საშიშროება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს შავ ხვრელად რუსული სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად.
„ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სასაზღვრო პოლიციასთან, საბაჟო სამსახურთან, რათა ხელი შევუწყოთ იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა საერთაშორისო სანქციები დაიცვას. შესაძლებლობა საქართველოსთვის, იყოს შუა დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთებისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები.
ჩვენ ველით საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ შუა დერეფანში საქართველოს წვლილის მშენებლობაში, მას ასევე ჰქონდეს საერთაშორისო სანქციები დაცვის საშუალებაც“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.