ამერიკის ელჩის განცხადებით, კოვიდპანდემიის დროს შეჩერდა მოლაპარაკებები აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე, თუმცა ახლა ეს პროცესი განახლებულია. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ვინც მგზავრობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში და პირიქით, ყველა ფიქრობს, რომ არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ფრენა. მე ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით დისკუსია და მოლაპარაკებები დაიწყო კოვიდპანდემიამდე. შემდეგ უკვე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შეჩერდა გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად, მგზავრობის საკითხი გახდა პრობლემური. ახლა უკვე განახლდა ეს მოლაპარაკებები, თუმცა არ ვიცი, ზუსტად რა ეტაპზეა.
რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად, დამაკავშირებელი ხიდი იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის. დიდი მანძილის გამო, ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, ჩამოვიდნენ საქართველოში, თუმცა ერთხელ თუ ჩამოვა, მეორედაც აუცილებლად მოდის საქართველოში, სტუმართმოყვარეობის გამო“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.