თეგი: ბაკურიანი

ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა - ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები

ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები, რომლებსაც მოქალაქეები მთიდან ჩამოჰყავთ. ძაბვის ვარდნის გამო, კომპანიის ინფორმაციით, დამსვენებლებს რაიმე საფრთხე არ შექმნიათ. მათივე ცნობით, მთიდან დაახლოებით 50-მდე დამსვენებელს ჩამოიყვანენ. „ძაბვის ვარდნის გამო მიტარბის საბაგირო დროებით გამოირთო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომლებიც ახორციელებენ დამსვენებლების ჩამოყვანას მთიდან. საგანგაშო და საშიში არაფერი არ ხდება. რასაკვირველია, ყველა უვნებელია და ძალიან მალე აღმოიფხვრება პრობლემა“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენელმა, თამთა იაშაღაშვილმა.

მთის კურორტების განვითარების კომპანია ბაკურიანში სამაშველო ოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია ინფორმაცია წარმატებით დასრულდა. "ბაკურიანში, მიტარბზე, ძაბვის ვარდნის გამო, საბაგირო დროებით გამოირთო. გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან", - იტყობინება მთის კურორტების განვითარების კომპანია. ამავე თემაზე ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა - ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები

ბაკურიანი მომავალში შეიძლება, საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს - დავითაშვილი

საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები უნდა შეაფასოს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინსპექტირება წარმატებით დასრულდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების აბსოლუტურად ახალი სისტემები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ახალი საბაგირო გზებისა და ახალი ტრასების სახით, აგრეთვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხელოვნური რეზერვუარები – ეს სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამჟამად რეზერვუარების წყლით ავსების პროცესი მიმდინარეობს. საბოლოოდ, ბაკურიანი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა. „2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აქტიურად მიმდინარეობს 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენდა ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განხორციელებული პროექტები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ბაკურიანში ჯამში, 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა - ღარიბაშვილი

სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, ექვსი ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა. ბაკურიანში ჯამში, 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა -, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები და ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო „მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ. სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, ექვსი ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას, რომელიც ოფიციალურ სტარტს აიღებს 18 თებერვალს და 5 მარტამდე გაგრძელდება. დიდი პატივია, რომ ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს. 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონატში. ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, დარჩება ბაკურიანს და საქართველოს. ჯამში, 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ და ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სისტემები მოეწყო იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი. ასევე გეტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ მზადება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად. ვგეგმავთ, მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. ბაკურიანი უნდა იყოს მუდმივად მზად, რათა უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს. რა თქმა უნდა, დამსვენებელი უნდა იყოს კმაყოფილი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი და ჩვენ ყველას ეს გვახარებს. ასე, რომ გილოცავთ ყველას, საქართველო მზად არის, რომ უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს“, – განაცხადა პრემიერმა. ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს, მზად არის - დავითაშვილი  

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის უწყებათაშორის ჯგუფთან სამუშაო თათბირი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს, მზად არის - დავითაშვილი ღარიბაშვილმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ. როგორც უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან აღნიშნეს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს და მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. ახალი ინფრასტრუქტურა კი, სამომავლოდ ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლებს მოემსახურება. სამუშაო თათბირს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები-რომეო მიქაუტაძე და მარიამ ქვრივიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე, პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  

ლევან დავითაშვილი: ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით სამთო და სათხილამურო მიმართულებით

„ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით სამთო და სათხილამურო მიმართულებით. ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბაკურიანის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ. ვიცე-პრემიერი ბაკურიანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა და საჩემპიონატო მზადებას ადგილზე გაეცნო. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ისტორიულად ბაკურიანში ზამთრის ყველა სპორტი იყო წარმოდგენილი. „ჩვენ ნელ-ნელა ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას ვახორციელებთ. ამჯერად ჩვენ ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით სამთო - სათხილამურო სპორტის ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ. 270 მლნ ლარი დაიხარჯა. აშენდა სამი ახალი საბაგირო და 6 ახალი ტრასა მოეწყო, ასევე ამოქმედდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რომლებიც უპრეცედენტოდ გრძელია და თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული. დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს. ასეთია საერთაშორისო ექსპერტების ობიექტური შეფასება. ბაკურიანი მზადაა, ჩაატაროს არა მხოლოდ აღნიშნული ჩემპიონატი, არამედ რეგულარული სპორტული კალენდრის ნაწილიც გახდეს. ჩვენ 2023 წლის შემდეგ წლებშიც გვექნება საერთაშორისო მასშტაბის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბაკურიანის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით გაიზრდება. „ჩვენ შევძლებთ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და კურორტს მეტი დამსვენებელი ჰყავდეს. ეს ყველაფერი ადგილობრივ და ქვეყნის ეკონომიკას ემსახურება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვა) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.  

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. „15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე. 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად. შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის. ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე, რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე. გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში. არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე; ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით პირველ გზაჯვარედინამდე; დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე აკრძალულია საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციაში. საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულდა

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობის მონაწილეების, დამსწრეებისა და კურორტის სტუმრებისთვის სოფელი და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ადგილზე გაეცნო. „მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულდა, მეწარმეები უკვე დახლებს შლიან და ჯიხურები ნელ-ნელა ივსება. სცენაც დასრულებულია. ხვალ, 6 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაა, მოგვიანებით აქ სტუმრებს გასართობ პროგრამას შევთავაზებთ. ვეპატიჟებით ყველა მსურველს ასაკის მიუხედავად. ბავშვებისთვის ცალკე გასართობი ზონა იქნება მოწყობილი. აქ საშუალება გექნებათ, ქართველი მეწარმეების პროდუქტები დააგემოვნოთ და მოუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა მაია ომიაძემ. მეწარმეებთან ერთად, ჩემპიონატისთვის სპეციალურად მოწყობილ ბაზარში „გემოფესტის“ მონაწილეებიც არიან წარმოდგენილები. „ძალიან მნიშვნელოვანია აქ მონაწილეობა, ჩვენ უკვე „გემოფესტელები“ ვართ და რაჭიდან, პირველი „გემოფესტიდან“ ვმონაწილეობთ. გავიარეთ ტრენინგები და ვისწავლეთ, როგორ მივიღოთ მონაწილეობა ფესტივალებში. ბაკურიანში სტუმრებს რაჭულ კერძებს ვთავაზობთ. ეს არის ძველი კერძები, რომლებიც გავათანამედროვეთ“, – აცხადებს მეწარმე გიორგი ჯაფარიძე. ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების კომპანიის ორგანიზებით ჩემპიონატის სოფელი მოეწყო, სადაც საკონცერტო სცენა, სამეწარმეო დარბაზი, კვებისა და ბაზრის ზონა, საბავშვო გასართობი ზონა მოეწყო.  

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის გამო სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე. ამასთან, 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე. „5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე - კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე. 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად. შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო - 09:00-დან 18:00 საათამდე. საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის. ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის, შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე. 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე: რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე. გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში. არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება: სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე; ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით; პირველ გზაჯვარედინამდე;დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე, აკრძალულია საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა",- აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ პარალელურ სლალომში ფინალური შეჯიბრი გაიმართა

მეშვიდე დღეა ბაკურიანი ფრისკის, ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. დღეს ფინალი გუნდურ პარალელურ სლალომში გაიმართა. პარალელური სლალომის დისციპლინაში, გუნდურ ასპარეზობაში, მსოფლიოს ახალი ჩემპიონი იტალიის ნაკრები ჰყავს! ვერცხლის პრიზიორი ავსტრიის ნაკრები, ბრინჯაოს პრიზიორი კი შვეიცარიის ნაკრები გახდა.  

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. გამოცემა "ბორჯომი ტვ" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.  

ბაკურიანში, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთვება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა. „არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი,“ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.  

მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის­ სამსახური ავრცელებს. გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასიდან ამოიყვანეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს. „სამუშაოებში ჩართული იყო 200-ამდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.