ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.
„15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე;
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე;
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე. 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად.
შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე;
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე, რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე. გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში.
არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე; ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით პირველ გზაჯვარედინამდე; დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე.
ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე აკრძალულია საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციაში.
საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.