„ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით სამთო და სათხილამურო მიმართულებით. ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბაკურიანის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ.
ვიცე-პრემიერი ბაკურიანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა და საჩემპიონატო მზადებას ადგილზე გაეცნო.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ისტორიულად ბაკურიანში ზამთრის ყველა სპორტი იყო წარმოდგენილი.
„ჩვენ ნელ-ნელა ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას ვახორციელებთ. ამჯერად ჩვენ ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით სამთო - სათხილამურო სპორტის ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ. 270 მლნ ლარი დაიხარჯა. აშენდა სამი ახალი საბაგირო და 6 ახალი ტრასა მოეწყო, ასევე ამოქმედდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რომლებიც უპრეცედენტოდ გრძელია და თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული. დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს. ასეთია საერთაშორისო ექსპერტების ობიექტური შეფასება. ბაკურიანი მზადაა, ჩაატაროს არა მხოლოდ აღნიშნული ჩემპიონატი, არამედ რეგულარული სპორტული კალენდრის ნაწილიც გახდეს. ჩვენ 2023 წლის შემდეგ წლებშიც გვექნება საერთაშორისო მასშტაბის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბაკურიანის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით გაიზრდება. „ჩვენ შევძლებთ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და კურორტს მეტი დამსვენებელი ჰყავდეს. ეს ყველაფერი ადგილობრივ და ქვეყნის ეკონომიკას ემსახურება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვა) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება.
ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.