თეგი: ბლოგი

შენი ბრძოლა

შენი ბრძოლა „სიცოცხლე იმად არა ღირს, რომ მისი გულისთვის სიკვდილის შიშს მონად გაუხდე“ © ჯემალ ქარჩხაძე, „ანტონიო და დავითი“   ვიცი, ვინც ხარ. როგორც უნდა დამალო შენი ნამდვილი სახე, მაინც გიცნობ. არ ვიცი, კონკრეტულად რა გქვია, მაგრამ არც აქვს მნიშვნელობა. არც ასაკს აქვს მნიშვნელობა, არც გვარსა და ეროვნებას. მთავარი ისაა, რომ ხარ, მაგრამ ჯერ არ არსებობ. არსებობა ფუფუნებაა - მარტო ისინი ვარსებობთ, ვისაც საკუთარი საზღვრების მოხაზვა და მათი დაცვა შეგვიძლია. შენც შეგიძლია, მაგრამ ჯერ არ იცი, რომ შეგიძლია. იმისთვის, რომ არსებობა დაიწყო, ჯერ საკუთარი თავი უნდა შვა - უნდა დაიბადო. დაბადებისთვის კი ძალიან, ძალიან, ძალიან მძიმე ბრძოლაა საჭირო. ნუ გგონია, რომ შენი დაბადებისთვის მაინცდამაინც „უცხოტომელების“ დამარცხებაა აუცილებელი. ცდები, თუ ფიქრობ, რომ შენს დაბადებას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სჭირდება. ტერიტორიებიც იმიტომაა ოკუპირებული და სხვა, ჯერჯერობით არაოკუპირებულ მიწებსაც იმიტომ გაჭრიან ლუკმა-ლუკმა, რომ შენ არ არსებობ. რომ დაიბადო და არსებობა დაიწყო, მამაშენი უნდა დაამარცხო. ჰო, არ მოგეჩვენა - მამაშენი უნდა დაამარცხო. მამაშენი, რომელმაც გითხრა, რომ შენი კაცობა და ოჯახის ღირსება შენი ოჯახის წევრი ქალების სექსზე გადის. როცა ურტყამ შვილს, რომელიც ვერ დაიცავი და რომელიც შენგან დახმარებას ელოდება, ამ დროს არ არსებობ - ეს მამაშენი მოქმედებს შენი სხეულით. უნდა დაამარცხო მამაშენი, რომელმაც გითხრა, რომ კაცობას განათლება არ სჭირდება და რომ ქუჩა აკადემიაა. შესაძლოა, მამაშენი არც იყო - დედაც შეიძლება, ყოფილიყო, რომელმაც გითხრა, რომ ქალს არ უხდება სხვა სამსახური, გარდა მასწავლებლობისა. ან შენი ბიძაშვილი, რომელმაც გითხრა, რომ ქალს სიტყვა არ უნდა გაატანინო და თუ ძალიან გეჯიუტება, უნდა სცემო, დაასახიჩრო, მოკლა კიდეც. ან შენი უბნის ბირჟავიკი - ბევრ ფულს რომ შოულობდა რუსეთში, ახლა რომ შენთან ერთად დგას ბირჟაზე და გაუთავებლად ჭორაობს შენი უბნის ქალებზე. ან შენი სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო - წიგნი რომ გოიმობა ეგონა და მარად დაძაბული, მარად შავსათვალიანი, მუხლებში ჩაღუნული ტიპები მოსწონდა. ან შენი მოძღვარი, რომელმაც გითხრა, რომ ქმარი თავია ოჯახისა და ცოლს მორჩილება ევალება. ან პაპაშენი, რომელმაც გითხრა, რომ სტალინი მაგარი კაცი იყო. ან ბიძაშენი, რომელმაც გითხრა, რომ მჟავანაძე მაგარი კაცი იყო. ან შენი მასწავლებელი, რომელმაც გითხრა, რომ ჰიტლერი იყო კარგი, იმიტომ, რომ სტალინს ებრძოდა. ან შენი მეზობელი, რომელიც გეუბნება, რომ ლუკაშენკო მაგარი კაცია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო - ყველა მათგანის დამარცხება მოგიწევს. ყველა მათგანმა, ზომბი-ვირუსის მსგავსად, თავისი იდეოლოგიის ნაწილი ჩათესა შენში, შენი პიროვნება გააქრო და მისი ადგილი თავად დაიკავა. ვიცი, რომ ძალიან პატარა იყავი, მარტო დარჩენის, ყველასგან გარიყვის შეგეშინდა, მათი გულის მოგება გინდოდა, ამიტომ პირდაპირ, გაუაზრებლად გადაყლაპე ყველაფერი, რასაც გეუბნებოდნენ და ამიტომ შეუერთდი უსახურ, ნაცრისფერ მასას. ახლა ეს ყველა ნაგავი, რაც გადაყლაპე, შენი აზრები, ფიქრები, შიშები და სირცხვილები გგონია. ამიტომ არ არსებობ. შვილი ხარ, ქმარი, მეზობელი, ნათესავი, გადასახადების გადამხდელი, ამომრჩეველი და მრევლი. შენ - შენ არ ხარ, ანუ არ არსებობ. თუ გინდა, რომ დაიბადო (და ვიცი, რომ გინდა), უნდა განიწმინდო მაგ ინფორმაციისგან. ვიცი, რომ ისევ გეშინია მარტოობის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი მეგობარი გეყოლება, თუ არ არსებობ? უნდა დაამხო შენში ყველა კერპი და ავტორიტეტი, ვინც შენზე გავლენას ახდენდა და ახდენს. უნდა „მოკლა“ შენში მამაშენი. ზევსი ხო გაგიგია? ბერძნების მთავარი ღმერთი, ელვებს რომ ირტყმევინებოდა. ეგეც მაგის შემდეგ გახდა ღმერთი, რაც მამამისი დაამარცხა. უნდა იცოდე, სად მთავრდება „საზოგადოება“ და სად იწყები შენ. ესაა ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელიც უნდა გადაიხადო, რომ არსებობა დაიწყო. დღეს ეგ ბრძოლაა შენი დიდგორი, შენი შამქორი და შენი ბასიანი ვიცი, რომ გამოგივა.                                                                                                P. S. იცი, საიდან ვიცი შენს შესახებ ამდენი რამე? შენ - ეს მე ვარ, ოღონდ ადრე. ამიტომ მჯერა შენი და ვიცი, რომ შეძლებ. სხვანაირად უბრალოდ გაქრები, თითქოს არც ყოფილხარ, და მორჩა.

პირველად იყო სიტყვა

სიტყვიდან დაიწყო ყველაფერი და, შესაბამისად, ინფორმაციის ყველაზე კარგი შემნახველი სწორედ სიტყვებია. დანაწევრებული მეტყველება განასხვავებს ადამიანს სხვა პრიმატებისგან და თუ გვინდა, გავიგოთ, რას ფიქრობს, რა უყვარს, რისი ეშინია, სიტყვებს უნდა დავაკვირდეთ. არის ასეთი ფილმი, The Book of Elly, დენზელ ვაშინგტონისა და უგენიალურესი გარი ოლდმენის მონაწილეობით, მოქმედება ხდება პოსტაპოკალიპტურ, ბირთვული ომის შემდგომ სამყაროში, სადაც მთავარი ბოროტმოქმედი, ყაჩაღების ბანდის მეთაური და ქალაქის თვითგამოცხადებული მმართველი, მთელი ფილმის განმავლობაში, ეძებს ბიბლიის ერთადერთ გადარჩენილ ეგზემპლარს. როცა ეკითხებიან, რატომ ეძებ ამ წიგნსო, პასუხობს - იქ სწორი სიტყვები სწერია და ხალხის მორჩილებას, რასაც ახლა იარაღითა და შიშით ვაღწევ, მერე სიტყვებით მივაღწევო. ასე იყო ყოველთვის - საჭირო და სწორად შერჩეულ სიტყვებს სხვა ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლია, ამიტომაც მუდამ ცდილობენ მავანნი და მავანნი, სიტყვებზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვებას. ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე ბოროტი რეჟიმები საკუთარ სახელწოდებებში ყველაზე დადებით სიტყვებს იყენებდნენ და იყენებენ. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ჯოჯოხეთურ სახელმწიფოს სახელწოდებაში სიტყვა „დემოკრატიული“ გვხვდება. ასე იყო ორად გაყოფილი გერმანიის შემთხვევაშიც - დემოკრატიული ეწოდებოდა იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფო - საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა. ხშირია სიტყვა „სახალხოს“ გამოყენება იქ, სადაც ხალხს ყველაზე ნაკლებად ეკითხებიან რამეს. ლოზუნგებსა და დევიზებზე აღარაფერს ვამბობ. საფრანგეთის რევოლუციაც კი „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ სახელით აჭრიდა თავებს განსხვავებულად მოაზროვნეებს. ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, ფსიქიატრები რომ ხუმრობენ - ვინც მოასწრებს თეთრი ხალათის ჩაცმას, ისაა იმ დღეს ექიმიო - ვინც მოასწრებს კარგი სიტყვის დასაკუთრებას, მერე ის სიტყვა იმ რეჟიმთან ასოცირდება ხოლმე ასე იცვლება სიტყვების ძალაც - საკუთარი სახელებიც კი იკარგება კონკრეტული ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების გამო. მაგალითად, დღეს გერმანიაში კაცს, სახელად ადოლფს, ვერ შეხვდებით. ინგლისში კი საუკუნეების განმავლობაში ერიდებოდნენ ბიჭისთვის ოლივერის დარქმევას, კრომველის გამო. საქართველოს პოლიტიკური სპექტრი კარგი მაგალითია ამ მხრივ, სააზროვნოდ და დასაკვირვებლად. მას შემდეგ, რაც ჩვენი სახელმწიფო არსებობს და რაც სიტყვები რუსეთიდან ღიად აღარ კონტროლდება, პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი და დადებითი ასოციაციების გამომწვევი სიტყვების დასაკუთრებაში. სიტყვა „ეროვნული“ პირველ პრეზიდენტთან და მთავრობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ სამხედრო გადატრიალებისთანავე ამ სიტყვის პოლიტიკაში გამოყენება, ფაქტობრივად, დასრულდა. მოქალაქეთა კავშირი, რომელმაც 10 წელი მართა საქართველო, დასამახსოვრებელი სლოგანებით არ გამოირჩეოდა - აოხრებულ, დამშეულ და დანგრეულ ქვეყანას სიტყვებისთვის არ სცხელოდა და არც თავად პარტია იწუხებდა თავს ემოციებზე თამაშით. მაქსიმუმი, რასაც „მოქკავშირი“ იყენებდა, იყო „სტაბილურობა“ და „კეთილდღეობა“, რომელთაგან პირველი რეალურად სჭირდებოდა ქვეყანას და მეორე არც ახსოვდა ვინმეს, რა იყო. მაგრამ სწორედ ამ დროს დამკვიდრდა ზოგადად პოლიტიკაში პარტიების სახელწოდებებად ემოციური მნიშვნელობის სიტყვების გამოყენება. ასე მივიღეთ ასლან აბაშიძის „აღორძინება“, ჯუმბერ პატიაშვილის „ერთობა“ და ა. შ. „ნაციონალური მოძრაობაც, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, უფრო ლიდერის სახელზე აკეთებდა აქცენტს, ვიდრე ემოციებზე. ამ დროს ჩნდება პირველად ასპარეზზე ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია და სხვადასხვა პროექტები, საერთო სახელით „იმედი“. ასევე, 2007 წლის შემდგომ, ჟურნალისტების პარტია „ქრისტიან-დემოკრატები“ - რაც პირველი ღია აპელირებაა რელიგიაზე და, თავის მხრივ, ძალიან საშიშ პრეცედენტად შეიძლება, ჩაითვალოს. შემდეგ მოედანზე შემოდის „ქართული ოცნება“ და აქ იწყება თავდავიწყება: ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები მასობრივად იწყებენ შედინებას პოლიტიკაში და, შესაბამისად, საკუთარი მნიშვნელობების შესუსტებას: ირმა ინაშვილის პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგ სიტყვა „პატრიოტი“-ს დატვირთვაც შეიცვალა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „პატრიოტი“ სააკაშვილის პერიოდში მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების სისტემას ერქვა და სრულიად სხვა დატვირთვა ჰქონდა. ღიად პრორუსული ლევან ვასაძის „ერთობა, რაობა, იმედი“, აბრევიატურა - ერი. ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ და ა. შ. რაც შეეხება „ოცნების“ პოლიტიკურ საქმიანობას, ამ 10 წლის განმავლობაში უამრავი მსგავსი სიტყვა ვნახეთ წინასაარჩევნო სლოგანებში: სიცოცხლე („სიცოცხლით სავსე ქალაქი“), ღირსება (ღირსების აღდგენის მოტივებზე მოვიდა მოქმედი პარტია ხელისუფლებაში) და ახლა უკვე ძალიან მრავალმნიშვნელოვანი, ბევრისთვის შეურაცხმყოფელიც კი - მშვიდობა. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით შიშის გამოყენებაზე აქ არ შევჩერდები - ცალკე პოსტს იმსახურებს ეს თემა. სიტყვების ამხელა კორიანტელში, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იყენებს, განსაკუთრებით ბოლო დეკადაში არ გვხვდება ერთი სიტყვა. ერთი, ერთადერთი, სრულიად ჩვეულებრივი სიტყვა, რომელსაც ჭირის დღესავით გაურბის ყველა, ვინც ხელისუფლებაშია, ან მასში მოსვლას ცდილობს. თავისუფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი სიტყვა, რომელსაც რეალური ცვლილებების მოტანა შეუძლია, ვინაიდან თავისუფლება შიგნით იწყება, ადამიანში. თავისუფალი ადამიანი ცუდი ამომრჩეველია, ცუდი გადამხდელია და, რაც მთავარია, მორჩილი არაა. თავისუფალ ადამიანს ვერ მოატყუებ, ვერ შეაშინებ. და რაც მთავარია, თავისუფალ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა, რომელსაც არ გაურბის. ეს პასუხისმგებლობაა ზუსტად, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ „ხალხზე ოდნავ ზემოთ“ მყოფებს. პასუხისმგებლობა პასუხისგებას გულისხმობს საკუთარ საქციელზე და იმიტომ. ლექსო ლეკიაშვილის ბლოგი

როგორია ნამდვილი, გაცნობიერებული, უპირობო სიყვარული?

ბლოგის ავტორი: ემოციური ინტელექტის ქოუჩი, თამუნა ჩიჩუა   როგორია ნამდვილი, გაცნობიერებული, უპირობო სიყვარული?  ვისაც ნამდვილად უყვარხარ - ის არავის არ გადარებს. მოსწონხარ ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ - მოწესრიგებულიც, გაწეწილიც, ჯანმრთელიც, ვირუსიანიც, მხიარულიც, მოწყენილიც, ჭკვიანიც, აღიარებულიც, წარუმატებელიც და შეცდომებიანიც. ვისაც ნამდვილად უყვარხარ - მისი პრიორიტეტი ხარ. შენი ადგილი მის თავში, გულში და ცხოვრებაში ხელშეუხებელია. იმიტომ კი არა რომ სხვაზე უკეთესი ხარ, უბრალოდ შენ ამოგირჩია 7 მილიარდ ადამიანს შორის. ვისაც ნამდვილად უყვარხარ - ის მოთხოვნის კი არა, გაცემის რეჟიმშია. ფიქრობს შენს საჭიროებებზეც. გიწილადებს საკუთარ დროს და გითმობს რესურსებს. არა იძულებით, არამედ სიხარულით. იმიტომ, რომ შენი ბედნიერება მისი ბედნიერებაა. ვისაც ნამდვილად უყვარხარ - ის შეგნებულად და გაცნობიერებულად თმობს სიამოვნებას, რომელიც შეეძლო მიეღო შენს გარეშე. ერთგულია ყველაზე რთულ მომენტებშიც და თუ დაგჭირდა, მშვიდად იტანს დისკომფორტს შენს გამო. და ამ ყველაფერს აკეთებს არა გამრავლების ინსტიქტის, შიშის, გადარჩენის, ანგარების ან ვალდებულების გამო.. არამედ სიყვარულით - თავის ნებით და გადაწყვეტილებით, ლაღად და ხალისიანად. და ამისთვის არაფერს ელის სანაცვლოდ. ვისაც ნამდვილად უყვარხარ - ის გაძლევს განვითარების უფლებას. გაძლევს არჩევანის თავისუფლებას. არ ახდენს ძალადობით ან მანიპულირებით შენს შეჩერებას ნებისმიერ ურთიერთობაში.. ესმის რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და თვითონ ირჩევ ცხოვრების გზას. იდეალურია არა? მხოლოდ ასეთ გაცნობიერებულ, უპირობო - ორმხრივ - სიყვარულზე დაფუძნებულ ურთიერთობაშია სიმშვიდე და ბედნიერება.. სხვა ყველაფერი - გამოგონილი, სხვებისთვის საჩვენებელი, დროებითი, გულდასაწყვეტი, არაფრის მომცემი სიცარიელეა.. უნდა გაიზარდო საკმარისად, რომ არ ეძებო სიცარიელე. წყარო