შენი ბრძოლა
„სიცოცხლე იმად არა ღირს, რომ მისი გულისთვის
სიკვდილის შიშს მონად გაუხდე“
© ჯემალ ქარჩხაძე,
„ანტონიო და დავითი“
ვიცი, ვინც ხარ.
როგორც უნდა დამალო შენი ნამდვილი სახე, მაინც გიცნობ.
არ ვიცი, კონკრეტულად რა გქვია, მაგრამ არც აქვს მნიშვნელობა.
არც ასაკს აქვს მნიშვნელობა, არც გვარსა და ეროვნებას.
მთავარი ისაა, რომ ხარ, მაგრამ ჯერ არ არსებობ.
არსებობა ფუფუნებაა - მარტო ისინი ვარსებობთ, ვისაც საკუთარი საზღვრების მოხაზვა და მათი დაცვა შეგვიძლია.
შენც შეგიძლია, მაგრამ ჯერ არ იცი, რომ შეგიძლია.
იმისთვის, რომ არსებობა დაიწყო, ჯერ საკუთარი თავი უნდა შვა - უნდა დაიბადო.
დაბადებისთვის კი ძალიან, ძალიან, ძალიან მძიმე ბრძოლაა საჭირო.
ნუ გგონია, რომ შენი დაბადებისთვის მაინცდამაინც „უცხოტომელების“ დამარცხებაა აუცილებელი.
ცდები, თუ ფიქრობ, რომ შენს დაბადებას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სჭირდება.
ტერიტორიებიც იმიტომაა ოკუპირებული და სხვა, ჯერჯერობით არაოკუპირებულ მიწებსაც იმიტომ გაჭრიან ლუკმა-ლუკმა, რომ შენ არ არსებობ.
რომ დაიბადო და არსებობა დაიწყო, მამაშენი უნდა დაამარცხო.
ჰო, არ მოგეჩვენა - მამაშენი უნდა დაამარცხო.
მამაშენი, რომელმაც გითხრა, რომ შენი კაცობა და ოჯახის ღირსება შენი ოჯახის წევრი ქალების სექსზე გადის.
როცა ურტყამ შვილს, რომელიც ვერ დაიცავი და რომელიც შენგან დახმარებას ელოდება, ამ დროს არ არსებობ - ეს მამაშენი მოქმედებს შენი სხეულით.
უნდა დაამარცხო მამაშენი, რომელმაც გითხრა, რომ კაცობას განათლება არ სჭირდება და რომ ქუჩა აკადემიაა.
შესაძლოა, მამაშენი არც იყო - დედაც შეიძლება, ყოფილიყო, რომელმაც გითხრა, რომ ქალს არ უხდება სხვა სამსახური, გარდა მასწავლებლობისა.
ან შენი ბიძაშვილი, რომელმაც გითხრა, რომ ქალს სიტყვა არ უნდა გაატანინო და თუ ძალიან გეჯიუტება, უნდა სცემო, დაასახიჩრო, მოკლა კიდეც.
ან შენი უბნის ბირჟავიკი - ბევრ ფულს რომ შოულობდა რუსეთში, ახლა რომ შენთან ერთად დგას ბირჟაზე და გაუთავებლად ჭორაობს შენი უბნის ქალებზე.
ან შენი სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო - წიგნი რომ გოიმობა ეგონა და მარად დაძაბული, მარად შავსათვალიანი, მუხლებში ჩაღუნული ტიპები მოსწონდა.
ან შენი მოძღვარი, რომელმაც გითხრა, რომ ქმარი თავია ოჯახისა და ცოლს მორჩილება ევალება.
ან პაპაშენი, რომელმაც გითხრა, რომ სტალინი მაგარი კაცი იყო.
ან ბიძაშენი, რომელმაც გითხრა, რომ მჟავანაძე მაგარი კაცი იყო.
ან შენი მასწავლებელი, რომელმაც გითხრა, რომ ჰიტლერი იყო კარგი, იმიტომ, რომ სტალინს ებრძოდა.
ან შენი მეზობელი, რომელიც გეუბნება, რომ ლუკაშენკო მაგარი კაცია.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო - ყველა მათგანის დამარცხება მოგიწევს.
ყველა მათგანმა, ზომბი-ვირუსის მსგავსად, თავისი იდეოლოგიის ნაწილი ჩათესა შენში, შენი პიროვნება გააქრო და მისი ადგილი თავად დაიკავა.
ვიცი, რომ ძალიან პატარა იყავი, მარტო დარჩენის, ყველასგან გარიყვის შეგეშინდა, მათი გულის მოგება გინდოდა, ამიტომ პირდაპირ, გაუაზრებლად გადაყლაპე ყველაფერი, რასაც გეუბნებოდნენ და ამიტომ შეუერთდი უსახურ, ნაცრისფერ მასას.
ახლა ეს ყველა ნაგავი, რაც გადაყლაპე, შენი აზრები, ფიქრები, შიშები და სირცხვილები გგონია.
ამიტომ არ არსებობ.
შვილი ხარ, ქმარი, მეზობელი, ნათესავი, გადასახადების გადამხდელი, ამომრჩეველი და მრევლი.
შენ - შენ არ ხარ, ანუ არ არსებობ.
თუ გინდა, რომ დაიბადო (და ვიცი, რომ გინდა), უნდა განიწმინდო მაგ ინფორმაციისგან.
ვიცი, რომ ისევ გეშინია მარტოობის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი მეგობარი გეყოლება, თუ არ არსებობ?
უნდა დაამხო შენში ყველა კერპი და ავტორიტეტი, ვინც შენზე გავლენას ახდენდა და ახდენს.
უნდა „მოკლა“ შენში მამაშენი.
ზევსი ხო გაგიგია? ბერძნების მთავარი ღმერთი, ელვებს რომ ირტყმევინებოდა.
ეგეც მაგის შემდეგ გახდა ღმერთი, რაც მამამისი დაამარცხა.
უნდა იცოდე, სად მთავრდება „საზოგადოება“ და სად იწყები შენ.
ესაა ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელიც უნდა გადაიხადო, რომ არსებობა დაიწყო.
დღეს ეგ ბრძოლაა შენი დიდგორი, შენი შამქორი და შენი ბასიანი
ვიცი, რომ გამოგივა.
P. S. იცი, საიდან ვიცი შენს შესახებ ამდენი რამე?
შენ - ეს მე ვარ, ოღონდ ადრე.
ამიტომ მჯერა შენი და ვიცი, რომ შეძლებ.
სხვანაირად უბრალოდ გაქრები, თითქოს არც ყოფილხარ, და მორჩა.