პირველად იყო სიტყვა

სიტყვიდან დაიწყო ყველაფერი და, შესაბამისად, ინფორმაციის ყველაზე კარგი შემნახველი სწორედ სიტყვებია.

დანაწევრებული მეტყველება განასხვავებს ადამიანს სხვა პრიმატებისგან და თუ გვინდა, გავიგოთ, რას ფიქრობს, რა უყვარს, რისი ეშინია, სიტყვებს უნდა დავაკვირდეთ.

არის ასეთი ფილმი, The Book of Elly, დენზელ ვაშინგტონისა და უგენიალურესი გარი ოლდმენის მონაწილეობით, მოქმედება ხდება პოსტაპოკალიპტურ, ბირთვული ომის შემდგომ სამყაროში, სადაც მთავარი ბოროტმოქმედი, ყაჩაღების ბანდის მეთაური და ქალაქის თვითგამოცხადებული მმართველი, მთელი ფილმის განმავლობაში, ეძებს ბიბლიის ერთადერთ გადარჩენილ ეგზემპლარს.

როცა ეკითხებიან, რატომ ეძებ ამ წიგნსო, პასუხობს - იქ სწორი სიტყვები სწერია და ხალხის მორჩილებას, რასაც ახლა იარაღითა და შიშით ვაღწევ, მერე სიტყვებით მივაღწევო.

  • ასე იყო ყოველთვის - საჭირო და სწორად შერჩეულ სიტყვებს სხვა ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლია, ამიტომაც მუდამ ცდილობენ მავანნი და მავანნი, სიტყვებზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვებას.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე ბოროტი რეჟიმები საკუთარ სახელწოდებებში ყველაზე დადებით სიტყვებს იყენებდნენ და იყენებენ.

მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ჯოჯოხეთურ სახელმწიფოს სახელწოდებაში სიტყვა „დემოკრატიული“ გვხვდება.

ასე იყო ორად გაყოფილი გერმანიის შემთხვევაშიც - დემოკრატიული ეწოდებოდა იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფო - საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა.

ხშირია სიტყვა სახალხოს გამოყენება იქ, სადაც ხალხს ყველაზე ნაკლებად ეკითხებიან რამეს.

ლოზუნგებსა და დევიზებზე აღარაფერს ვამბობ.

საფრანგეთის რევოლუციაც კი „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ სახელით აჭრიდა თავებს განსხვავებულად მოაზროვნეებს.

ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, ფსიქიატრები რომ ხუმრობენ - ვინც მოასწრებს თეთრი ხალათის ჩაცმას, ისაა იმ დღეს ექიმიო - ვინც მოასწრებს კარგი სიტყვის დასაკუთრებას, მერე ის სიტყვა იმ რეჟიმთან ასოცირდება ხოლმე

ასე იცვლება სიტყვების ძალაც - საკუთარი სახელებიც კი იკარგება კონკრეტული ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების გამო.

მაგალითად, დღეს გერმანიაში კაცს, სახელად ადოლფს, ვერ შეხვდებით.

ინგლისში კი საუკუნეების განმავლობაში ერიდებოდნენ ბიჭისთვის ოლივერის დარქმევას, კრომველის გამო.

საქართველოს პოლიტიკური სპექტრი კარგი მაგალითია ამ მხრივ, სააზროვნოდ და დასაკვირვებლად.

მას შემდეგ, რაც ჩვენი სახელმწიფო არსებობს და რაც სიტყვები რუსეთიდან ღიად აღარ კონტროლდება, პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი და დადებითი ასოციაციების გამომწვევი სიტყვების დასაკუთრებაში.

სიტყვა „ეროვნული“ პირველ პრეზიდენტთან და მთავრობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ სამხედრო გადატრიალებისთანავე ამ სიტყვის პოლიტიკაში გამოყენება, ფაქტობრივად, დასრულდა.

მოქალაქეთა კავშირი, რომელმაც 10 წელი მართა საქართველო, დასამახსოვრებელი სლოგანებით არ გამოირჩეოდა - აოხრებულ, დამშეულ და დანგრეულ ქვეყანას სიტყვებისთვის არ სცხელოდა და არც თავად პარტია იწუხებდა თავს ემოციებზე თამაშით.

მაქსიმუმი, რასაც „მოქკავშირი“ იყენებდა, იყო „სტაბილურობა“ და „კეთილდღეობა“, რომელთაგან პირველი რეალურად სჭირდებოდა ქვეყანას და მეორე არც ახსოვდა ვინმეს, რა იყო.

მაგრამ სწორედ ამ დროს დამკვიდრდა ზოგადად პოლიტიკაში პარტიების სახელწოდებებად ემოციური მნიშვნელობის სიტყვების გამოყენება.

ასე მივიღეთ ასლან აბაშიძის „აღორძინება“, ჯუმბერ პატიაშვილის „ერთობა“ და ა. შ.

„ნაციონალური მოძრაობაც, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, უფრო ლიდერის სახელზე აკეთებდა აქცენტს, ვიდრე ემოციებზე.

ამ დროს ჩნდება პირველად ასპარეზზე ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია და სხვადასხვა პროექტები, საერთო სახელით „იმედი“.

ასევე, 2007 წლის შემდგომ, ჟურნალისტების პარტია „ქრისტიან-დემოკრატები“ - რაც პირველი ღია აპელირებაა რელიგიაზე და, თავის მხრივ, ძალიან საშიშ პრეცედენტად შეიძლება, ჩაითვალოს.

შემდეგ მოედანზე შემოდის „ქართული ოცნება“ და აქ იწყება თავდავიწყება:

  • ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები მასობრივად იწყებენ შედინებას პოლიტიკაში და, შესაბამისად, საკუთარი მნიშვნელობების შესუსტებას:

ირმა ინაშვილის პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგ სიტყვა „პატრიოტი“-ს დატვირთვაც შეიცვალა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „პატრიოტი“ სააკაშვილის პერიოდში მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების სისტემას ერქვა და სრულიად სხვა დატვირთვა ჰქონდა.

ღიად პრორუსული ლევან ვასაძის „ერთობა, რაობა, იმედი“, აბრევიატურა - ერი.

ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ და ა. შ.

რაც შეეხება „ოცნების“ პოლიტიკურ საქმიანობას, ამ 10 წლის განმავლობაში უამრავი მსგავსი სიტყვა ვნახეთ წინასაარჩევნო სლოგანებში: სიცოცხლე („სიცოცხლით სავსე ქალაქი“), ღირსება (ღირსების აღდგენის მოტივებზე მოვიდა მოქმედი პარტია ხელისუფლებაში) და ახლა უკვე ძალიან მრავალმნიშვნელოვანი, ბევრისთვის შეურაცხმყოფელიც კი - მშვიდობა.

ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით შიშის გამოყენებაზე აქ არ შევჩერდები - ცალკე პოსტს იმსახურებს ეს თემა.

სიტყვების ამხელა კორიანტელში, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იყენებს, განსაკუთრებით ბოლო დეკადაში არ გვხვდება ერთი სიტყვა.

ერთი, ერთადერთი, სრულიად ჩვეულებრივი სიტყვა, რომელსაც ჭირის დღესავით გაურბის ყველა, ვინც ხელისუფლებაშია, ან მასში მოსვლას ცდილობს.
თავისუფლება.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი სიტყვა, რომელსაც რეალური ცვლილებების მოტანა შეუძლია, ვინაიდან თავისუფლება შიგნით იწყება, ადამიანში.
თავისუფალი ადამიანი ცუდი ამომრჩეველია, ცუდი გადამხდელია და, რაც მთავარია, მორჩილი არაა.
თავისუფალ ადამიანს ვერ მოატყუებ, ვერ შეაშინებ.

და რაც მთავარია, თავისუფალ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა, რომელსაც არ გაურბის.

ეს პასუხისმგებლობაა ზუსტად, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ „ხალხზე ოდნავ ზემოთ“ მყოფებს.

პასუხისმგებლობა პასუხისგებას გულისხმობს საკუთარ საქციელზე და იმიტომ.

ლექსო ლეკიაშვილის ბლოგი