თეგი: ბოსნია-ჰერცეგოვინა

აზერბაიჯანმა და ბოსნია-ჰერცეგოვინამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

სარაევოში ხელი მოეწერა „ერთობლივ დეკლარაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ჟელკა ცვიიანოვიჩმა. „სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებული ურთიერთობაა. ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ორივე ქვეყანას. ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. „დარწმუნებული ვარ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა და აზერბაიჯანი გააგრძელებენ ერთად მუშაობას, როგორც სტრატეგიული პარტნიორები ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით", - აღნიშნა ალიევმა.  

ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო და პროკურატურის სისტემის გასაუმჯობესებლად, კორუფციული ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მართვის გასაუმჯობესებლად, ასევე მიაღწია და შეინარჩუნა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრა, რაც კომისიის შეფასებით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯია და გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ვითარების დროს. ევროკომისია ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას გასცემს „მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ ჩვენი მიმართულებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, ქვეყანამ წინ წაწია რეფორმები შემდეგი ნაბიჯებით: ინტერესთა კონფლიქტის აღკვეთაზე კანონის მიღებით; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღებით; სასამართლო და პროკურატურის სისტემის გაუმჯობესებით, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებით; Frontex-ის სტატუსის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მანდატის დამტკიცებით მიგრაციის მენეჯმენტის გაუმჯობესებით; ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრის მიღწევითა და შენარჩუნებით,” - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინას მეტი პროგრესის მიღწევა სჭირდება, მაგრამ ქვეყანა აჩვენებს, რომ მას წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია და ბოსნია-ჰერცეგოვინას მომავალი ევროკავშირშია.  

ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა

ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 12 მარტს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე დოკუმენტები, რომლებიც უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაზე სახელმძღვანელო პრინციპებს მოიცავენ. უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოების პროექტები წინა გაფართოებების გამოცდილებასა და გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ეყრდნობა. მათში “ინტეგრირებულია გაფართოების გადახედილი მეთოდოლოგია და გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობის განვითარება.” ორივე ქვეყნისთვის აღნიშნული დოკუმენტები სამი ნაწილისგან შედგება: 1) პრინციპები რომლებიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს არეგულირებენ; 2) მოლაპარაკებების შინაარსი; 3) მოლაპარაკებების პროცედურა. ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს პროექტების შიდა განხილვა და შემდეგ ის დაამტკიცოს. ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა თითო ქვეყანასთან პირველ სამთავრობოთაშორის კონფერენციაზე ევროკავშირის შეთანხმებულ საერთო პოზიციას წარადგენს, რაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფორმალური დასაწყისი გახდება. მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველოსთან ერთად, 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ომის დაწყებიდან 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს, განაცხადი გააკეთა მოლდოვამაც.  

ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროპელი ლიდერები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია. დღევანდელი გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირსკენ მიმავალ თქვენს გზაზე,“ – წერს მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამუშაო უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა უკრაინასთან და მოლდოვასთან. საქართველოს კი, კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.