ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო და პროკურატურის სისტემის გასაუმჯობესებლად, კორუფციული ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მართვის გასაუმჯობესებლად, ასევე მიაღწია და შეინარჩუნა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრა, რაც კომისიის შეფასებით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯია და გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ვითარების დროს.


„მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ ჩვენი მიმართულებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, ქვეყანამ წინ წაწია რეფორმები შემდეგი ნაბიჯებით:

ინტერესთა კონფლიქტის აღკვეთაზე კანონის მიღებით; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღებით; სასამართლო და პროკურატურის სისტემის გაუმჯობესებით, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებით; Frontex-ის სტატუსის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მანდატის დამტკიცებით მიგრაციის მენეჯმენტის გაუმჯობესებით; ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრის მიღწევითა და შენარჩუნებით,” - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.


ევროკომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინას მეტი პროგრესის მიღწევა სჭირდება, მაგრამ ქვეყანა აჩვენებს, რომ მას წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია და ბოსნია-ჰერცეგოვინას მომავალი ევროკავშირშია.