ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროპელი ლიდერები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


„ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია. დღევანდელი გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირსკენ მიმავალ თქვენს გზაზე,“ – წერს მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამუშაო უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.

ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა უკრაინასთან და მოლდოვასთან. საქართველოს კი, კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.