თეგი: ექთნები

სიდნეიში ექთნები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ

ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეის ქუჩებში ათასობით ექთანი გავიდა. ისინი დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის დეფიციტია, - ამის შესახებ BBC წერს. ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, ლაბორატორიულ და ჰოსპიტალურ სექტორებში დატვირთვა გაიზარდა. ექთნები ითხოვენ, არ დაავალდებულონ იმაზე მეტი პაციენტის მიღება და მოვლა, ვიდრე ეს მათ შეუძლიათ.

ზურაბ აზარაშვილი: დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა

„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა, 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის, განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აზარაშვილი: 2 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები  

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ექიმებმა და მძღოლებმა, პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს. ექიმები ხელფასის 100%-ით მატებას ითხოვენ. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, ირაკლი ამირანაშვილის თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა. „დღეს, ჩვენ სასწრაფოს ადმინისტრაციასთან შევიკრიბეთ. სასწრაფოში დასაქმებულები ხელფასის 100%-ით ზრდას ითხოვენ. ჩვენ წინა კვირას მინისტრის ორ მოადგილესა და დამსაქმებელთან შეხვედრა გვქონდა. ისინი შეგვპირდნენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ახალ მოდელს შეიმუშავებდნენ და დატვირთვიდან გამომდინარე დაითვლებოდა. შესაბამისად, მათი ხელფასი გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ჩვენ ეს დაპირება ვერ მივიღეთ“, -განაცხადა ამირანაშვილმა.  

სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ

სამინისტრომ გამონაკლისი დაუშვა და სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი. „ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები იქნა მოსმენილი და გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით. ხაზგასასმელია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ. სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი (თვეში 192 საათიდან 156 საათამდე) რაც მათ პროდუქტიულობაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება. სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1 200 ლარიდან 2 000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2 000 ლარს, ექიმის 1 700 ლარს, ექთნის 1 300 ლარს, მძღოლის 1 200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს ოთხ დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). აღსანიშნავია, რომ მათ ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები. ასევე, მიმდინარეობს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესი. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის  განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა. მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების გაცემა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის, გააგრძელეს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რათა საქართველოს მოქალაქეთა და ცენტრის თანამშრომელთა საუკეთესო ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“, – აცხადებენ უწყებაში. ასევე წაიკითხეთ: სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს  

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ხელფასის მატების მოთხოვნით მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს. „ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელფასების ზრდა და არა ის პილოტური მოდელი, რომელიც ადრეც იყო დანერგილი სასწრაფოში და არ გაამართლა. აქედან გამომდინარე დასაქმებულები დამსაქმებელს უხსნიან, რომ ეს მოდელი ადრეც იყო და მან არ გაამართლა. შესაბამისად, არ უნდა დაინერგოს და დრო ტყუილად არ უნდა დაიკარგოს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთი კვირა მოითხოვეს იმისათვის, რომ ახალი მოდელი შეემუშავებინათ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ მათ ხელფასების ზრდის მოდელი კი არ შემოგვთავაზეს, არამედ თორმეტ საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა შემოგვთავაზეს, რაც დასაქმებულებისთვის თითქმის ორმაგ სამუშაოს გულისხმობს. როცა 27 მაისს აქცია გავმართეთ, მათ დღევანდელ დღემდე მივეცით ვადა, რათა გადაწყვეტილება მიეღოთ, პროფკავშირებისთვის და სასწრაფოში დასაქმებულებისათვის დაეძახათ და ერთად რაიმე სახის მოდელი შეგვემუშავებინა. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ეს საუბარი, შეხვედრა და მოთხოვნა ქუჩაში გადავიტანოთ, არამედ ჩვენ გვაქვს სურვილი ცივილურად შევხვდეთ სამინისტროში და გადავწყვიტოთ რა ტიპის გადაწყვეტილება მივიღოთ. სამწუხაროდ, სამინისტროს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და ჩვენ მათ შემოთავაზებას ველოდებით“, - განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ირაკლი ამირანაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს  

პროფესიული განვითარების საბჭო: ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ექიმს ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ხოლო მეორე სპეციალობაში მოქმედების ვადა 6 თვით შეუჩერდა. „საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომა დაუდგინდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1 თვით შეუჩერდა. 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 7 საქმე განიხილეს.  

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხელფასების 100%-ით ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. ამასთან, სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. "ჩვენი უკიდურესი მოთხოვნაა ხელფასების მატება. ჩვენ გვინდა პრემიერ-მინისტრს ხმა მივაწვდინოთ და იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად ჩაერევა და ადეკვატურ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.  

ჯანდაცვის სამინისტრო: მომავალი წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 7 ლარი, ექთნის კი 4,4 ლარით განისაზღვრება

საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის პირველი იანვრიდან უჩნდებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის, პირველ რიგში ექიმებისა და ექთნების შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. "2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში 4,4 ლარით, თვეში კი საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტროს განმარტებით, ამჟამად 9 ათასამდე ექიმი იღებს მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებ ხელფასს და ექთნების შემთხვევაში ეს რაოდენობა დაახლოებით 8 ათასზე მეტია. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის - 5,6 ლარით განისაზღვრება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შრომის ინპექციის სამსახური: ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხს შევისწავლით

შრომის ინპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა. კერძოდ, 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის. „2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარი, ექთნების კი, საათში 4.4 ლარით განისაზღვრა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც შრომის უფლებების აღსრულების, ასევე ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. კანონმდებლობაში მკაფიოდ არის განმარტებული ექიმისა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობები. შესაბამისად, ინსპექტირებისას თუ დადგინდება, რომ მინიმალური ხელფასის ანაზღაურების თავიდან არიდების მიზნით, ექიმს ან ექთანს დაკისრებული აქვს რანგით უფრო დაბალი ან სხვა პროფესიის ფუნქციები, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან ეს ფაქტი ჩაითვლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, კლინიკას ასევე დაეკისრება  ექიმის/ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება. შრომის ინსპექციის სამსახურს ექნება შესაბამისი, მკაცრი რეაგირება დამსაქმებელების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და ყველა დასაქმებულის უფლება იქნება დაცული კანონის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

ექთნებმა და სანიტრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

საქართველოში საარსებო მინიმუმი 220 ლარია, სანიტრების ანაზღაურება კი 150 ლარს შეადგენ, - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექთნებისა და სანიტრებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, აქცია გაიმართა. "საქართველოში საარსებო მინიმუმი 220 ლარია, სანიტრების ანაზღაურება კი 150 ლარს შეადგენს. ისინი ხელისუფლებას საკითხის გადასაწყვეტად 2-კვირიან ვადას აძლევენ და აღნიშნავენ, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, პრემიერს მიმართავენ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რევაზ კარანაძემ ჟურნალისტებთან. ამასთან, მედიცინის მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და წერილობით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, როგორც სანიტრებს, ასევე ექთნებს ანაზღაურება გაეზარდოთ.